• შემოგვიერთდით
შიდა ქართლი

შიდა ქართლის რეგიონალური სადროშო

შიდა ქართლი ვრცელდებოდა აღმოსავლეთით არაგვსა და თბილისამდე, ჩრდილოეთით — კავკასიონის ცენტრალურ ქედამდე, დასავლეთით — ლიხის ქედამდე, ხოლო სამხრეთით — თრიალეთის ქედამდე და ფარავნის ტბამდე.

 
„ხოლო ტაშისკარსა და ლიხის მთას ქვეითი არაგვ ტფილისამდე სამნი ესე სასასპეტონი: მემარცხენე მუხრანისა, მემარჯვენე ქართლისა მეფისა თანა მყოფი, ტფილისს ზეით მტკვრის სამხრეთისა და თრიალეთი ფანავრამდე არნ წილი უფლოსისა, მცხეთოსის ძისა, და უფლოსისაგან ეწოდა ზენას-სოფლები შიდა ქართლს.“
 
(ვახუშტი ბატონიშვილი, „საქართველოს გეოგრაფია“, 1904, გვ. 125)
შიდა ქართლის მტკვრის სამხრეთით მდებარე ნაწილს გაღმამხარი ეწოდებოდა. ეს უკანასკნელი ისტორიული წყაროების მიხედვით ზოგჯერ არ შედიოდა შიდა ქართლში, მაშინ როცა მტკვრის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყანა ყოველთვის შიდა ქართლში იგულისხმებოდა.

XVII-XVIII საუკუნეებში შიდა ქართლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს ზემო ქართლიც ეწოდებოდა. XVII საუკუნის პირველი მეოთხედიდან, ოსმალეთის მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ ისტორიული ზემო ქართლი (გვიანდელი სამცხე-საათაბაგო) დიდი ხნით ჩამოშორდა ქართლის სამეფოს და სახელწოდება გადავიდა შიდა ქართლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილზე. ამჟამად ისტორიული შიდა ქართლის ჩრდილოეთი ნაწილი სამაჩაბლოსა და დუშეთის მუნიციპალიტეტში შედის.

შიდა ქართლის ჩრდილოეთით და სამხრეთით კავკასიონისა და თრიალეთის მაღალი ქედებია, რომელთა მტკვრისაკენ დაშვებული განშტოებები ზეგნებს ქმნიან. გაღმამხარის მდინარეები — ძამა, ტანა, თეძამი და კავთურა ქვედა წელში მცირე ვაკეებს ქმნიან, ხოლო მტკვრის ჩრდილოეთით დოღლაურის, ტირიფონის და მუხრანის ვრცელი ველებია, რომლებსაც სერავს მდინარეები: აღმოსავლეთის ფრონე, ლიახვი, ლეხურა, ქსანი და არაგვი. შიდა ქართლის მდინარეთა უმრავლესობა უძველეს დროიდანაა გამოყენებული სარწყავად.

მდინარე ადმოსავლეთ ფრონედან მდინარე არაგვამდე მტკვრის მარცხენა სანაპიროს გასწვრივ გაწოლილია კვერნაქის სერი (1114 მ-მღე). მისი სამხრეთი ფერდობის ფლატეებსა და ქარაფებში ხელოვნური გამოქეაბულებია. კვერნაქის სერის სამხრეთით, მტკვრის პირას მდებარეობს აშურიანის ველო რომელსაც უძველესი დროიდან საზამთრო საძოვრად იყენებდნენ. შრომის გარკვეული ორგანიზაციის საფუძველზე შიდა ქართლის ვრცელი დაბლობები და საზაფხულო და საზამთრო საძოვრები ქმნიდნენ ინტენსიური მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის განვითარების შესაძლებლობას. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო-სატრანზიტო გზები, როგორც ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ (ე.წ. არაგვის გზა), ისე აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ამან ხელი შეუწყო გზის გასწვრივ ქალაქების ჩამოყალიბებას: მცხეთა, მუხრანი, გორი, ურბნისი და სხვა. შიდა ქართლის ბუნებრივმა პირობებმა და მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ განსაზღვრეს ის როლი, რომელიც ამ რეგიონმა შეასრულა ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში.

ადრინდელ და შუა ფეოდალურ ხანაში შიდა ქართლის ტერიტორია ქართლის საერისთავოში შედიოდა. მონღოლთა შემოსევების შემდეგ მას გამოეყო ქსნის საერისთავო (XIII ს.), შემდეგ კი სხვა დიდი და მცირე ერთეულები: არაგვის საერისთავო (XIV ს.), საციციანო (XIV ს.), საამილახვრო (XV ს.), სამაჩაბლო (XV ს.), სამუხრანბატონო (XVI ს.). XVI საუკუნიდან ქართლის სამეფო დაიყო ოთხ სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულად — სადროშოდ, რომელთაგან სამი ჩამოყალიბდა შიდა ქართლის ტერიტორიაზე. საქართველოს რუსეთთან შეერთების ეს მიწები თბილისის გუბერნიის გორისა და დუშეთის მაზრებში შედიოდა.

თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ისტორიული შიდა ქართლის ტერიტორიის დიდი ნაწილი შიდა ქართლის მხარეში შედის, მცირე ნაწილი — მცხეთა-მთიანეთის (მცხეთა, ახალგორი) და სამცხე-ჯავახეთის მხარეებში (ბორჯომი). ამჟამად შიდა ქართლის ჩრდილოეთი ნაწილი ე. წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის” სეპარატისტული რეჟიმის მიერ კონტროლირებად ანკლავს წარმოადგენს.