• შემოგვიერთდით
ჩვენს შესახებ
მოადგილე

ზვიად სეხნიაშვილი  

დავიბადე 1967 წლის 29 დეკემბერს რუსთავში. სიყმაწვილე გავატარე თვალწარმტაც ქიზიყში, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არბოშიკში. იქ, პაპასა და ბებოს კალთაში გამოზრდილმა, შევისისხლხორცე სამშობლოს სიყვარული, გლეხკაცის გარჯისა და შრომის ფასი და სიკეთისა და ბოროტის გარჩევის უნარი. 

გავიარე რთული გზა მოწიფულობამდე: ჯარი, დამოუკიდებელი ცხოვრება, ემიგრაციის სიმწარე, პროფესიული ზრდის პროცესი ჟურნალისტიკაში, ქარტეხილებით და დიდი ბრძოლით აღსავსე ცხოვრება.

ვიყავი პირველი დამოუკიდებელი გაზეთის "შანსის" რედაქტორის მოადგილე; ქართული პრესის მშვენების – "კვირის" პალიტრაში" ვწერდი 10 წლის მანძილზე; უძველესი სპორტული გაზეთის "ლელოს" მთავარი კონსულტანტიც გახლდით...

2014 წელს, ჩემთვის დიდად საპატივსაცემო ადამიანების თხოვნით, კენჭი ვიყარე რუსთავის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატად და გავხდი საკრებულოს წევრი. გახლავართ უპარტიო, რადგან ჩემი "პარტიაც", პოლიტიკაც და არჩევნებიც  – არის ჩვენი სათაყვანებელი სამშობლო – ღვთივკურთხეული საქართველო (!).

ჩოხოსანი გავხდი 2014 წელს, რუსთავში. ერთი წლის შემდეგ, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია II–მ მაკურთხა, რათა გავძღოლოდი საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოებას...

ეს სამი წერტილი სრულად ასახავს ჩემს გულში ამ მისიის უმძიმეს ჯვარს, რომელსაც ბოლომდე განვიცდი. სამშობლოს ბედზე, მამულიშვილების თავმოყრაზე და მათ ერთიანობაზე ბევრი ღამე გამიტეხავს თეთრად და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩვენი დღევანდელი ვარამი გახლავთ ზნემიკლება და გათითოკაცება. და კიდევ ის, რომ "აღვერიენით უცხოთა და დავივიწყეთ მამულისაი ჩვეულებისაებრ სლვაი"...

პატრიარქის ჩოხოსნების მისია სწორედ ეს არის – დავიბრუნოთ ჩვენი სულკურთხეული წინაპრების გზა–სავალი და ამ გზაზე დავაყენოთ ჩვენი მომავალი თაობა...

ჩოხა ყველას აცვია, მაგრამ ყველა ვერ იქნება პატრიარქის ჩოხოსანი. მთავარია, გულში გეცვას ჩოხა, ვითარცა ბერის კაბა, მასავით სუფთა და მამულის უკიდეგანო ფიქრის დამტევი...

ღმერთი, სამშობლო, ადამიანი – ამ სამი მარადიული ფასეულობის შენარჩუნება უნდა შევძლოთ, რათა გადავრჩეთ (!)..

არ ვიცი, კიდევ რა ჩავატიო ამ ჩანახატში, რათა სრულად დაგანახოთ ჩემი სულისკვეთება, მაგრამ ეპილოგის მაგივრად ერთსღა ვიტყვი ქიზიყურად, ალალად და ერთი ამოსუნთქვით:

– მიყვარხართ  ყველანი,  ქართველებო, ჩოხოსნებო, ჩემო მამულიშვილებო !!!

პატრიარქის ჩოხოსნები –  ჩვენი სულიერი მამის ფრთებქვეშ შეფარებულნი და ამით მოძლიერებულნი ასე ვიტყვით:

– ქართველნო, ერთად ღვთისკენ !

ქრისტე და საქართველო  – სულ ეს არის, რაც ჩოხოსნებს სურთ და რასაც ესწრაფვიან...

ჩვენთან არს ღმერთი !!!