• შემოგვიერთდით
19 ნოემბერს, გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვაწლმოსილი მღვდელმსახური, დეკანოზი რევაზ ტომარაძე.

2021 წლის 19 ნოემბერს, გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი გამორჩეული და ღვაწლმოსილი მღვდელმსახური, დეკანოზი რევაზ ტომარაძე.
  ,,ჩვენი ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი მსახური, მრევლისთვის თავდადებული, ყველასათვის საყვარელი მოძღვარი“, - ამ თბილი სიტყვებით შეაფასა დეკანოზ რევაზის მრავალწლიანი მოღვაწეობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ გასულ წელს, მისი 90 წლის იუბიელეზე.
  მამა რევაზის სასულიერო მოღვაწეობა გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო
– 1980 წლის 28 აგვისტოს სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი და მას შემდეგ იგი ერთგულად და მუხლჩაუხრელად ემსახურებოდა უფალს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და თავის სამწყსოს.
  დეკანოზი რევაზი სხვადასხვა პერიოდში იყო თბილისის მთაწმინდის წმინდა დავით გარეჯელის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, შემდეგ – თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მოგვიანებით – მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, 1989 წლის ოქტომბრიდან კი – ანჩისხატის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი.
  2013 წლის 3 მარტს მამა რევაზი ეკლესიისა და ერის ერთგულად მსახურებისთვის დაჯილდოვდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი – წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ორდენით.
  დეკანოზ რევაზის პანაშვიდი გაიმართება 2021 წლის 20-21 ნოემბერს ანჩისხატის ტაძარში. გამოსვენება: კვირას, 21 ნოემბერს, 14 საათზე.
  მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ რევაზის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს.
  უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.
  გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი რევაზი. - ინფორმაციას ონლაინ ჟურნალი "საპატრიარქოს უწყებანი" ავრცელებს 

20 ნოემბერი 2021