• შემოგვიერთდით
პატრიარქის ჩოხოსნები - სადარაჯოზე


პატრიარქის ჩოხოსნები - სადარაჯოზე!
ომში დაძახებას ჰგავდა ეს მოწოდება.
მეთაურმა დამირეკა და მითხრა: „ჩოხოსნები მივდივართ ჭყონდიდის ეპარქიაში, სამი დღით მორიგეობა მოგვიწევს და ხომ წამოხვალო?„
თითოეულ ადამიანს თავისი შინაგანი კომპასი აქვს და იმით ხვდება - სწორი გზით მიდის თუ არა. მე მივხვდი უნდა წავსულიყავი, რადგან ეს ძახილი არ იყო მხოლოდ მეთაურის მოწოდება, ეს იყო ძახილი ღვთისა, სამშობლოს ძახილი იყო და მოითხოვდა ჩვენგან ღვთისა და ერის მსხურებაში ყოფნას.
დედა სამშობლო სწუხდა, რომ მას სნეულება შეჰყროდა - ბოროტი ძალები ცდილობდნენ მისი სხეულიდან მოეწყვიტათ ჭყონდიდის ეპარქია თავისი ეკლესია მონასტრებით, მიწებით, ხალხითა და მადლით....
კაცს თითიც რომ გეტკინოს, მთელ სხეულს სტკივა თითის ტკივილი და როგორ შეიძლება ჭყონდიდის ტკივილი არ სტკენოდა დანარჩენ საქართველოს?!
ამიტომ შევიკრიბეთ სალხინოს მამათა მონასტერში პატრიარქის ჩოხოსნები საქართველოს ყველა კუთხიდან: ქართლიდან, კახეთიდან, იმერეთიდან, სამაგრელოდან, ბაღდადიდან და გურიიდან....
ჭყონდიდის კონფლიქტური სიტუაცია მხოლოდ პოლიციას რომ მოეწესრიგებინა, ერთ-ერთი სახელმწიფო უწყების აქტივობა იქნებოდა და ამას არ ექნებოდა სამშობლოს ძახილისა და ტკივილის რეზონანსი;
კონფლიქტური სიტუაცია მხოლოდ საპატრიარქოს რომ მოეწესრიგებინა, ესეც უწყების სუბიექტურ აქტივობად ჩაითვლებოდა, მაგრამ როდესაც ამ ორივე ინსტიტუციის გვერდით დადგა ჩოხოსანთა მხედრობა საქართველოს ყველა კუთხიდან, ეს უკვე ერის ძახილი იყო, ეს უკვე იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს ყველა კუთხეს ტკივა ის, რაც ტკივა ჭყონდიდის ეპარქიას.
...
მაინც რა სატკივარი შეჰყრია ჭყონდიდს?
ეს ამბავი ყველამ იცის: მეუფე პეტრე განუდგა პატრიარქს და ამით განუდგა ქრისტეს, სული ეშმაკს მისცა და იმ მოტეხილ ჯოხს დაემსგავსა, რომელიც ერთი მხრივ, უსიცოცხლოა, რაკი მოწყდა ხეს, საიდანაც სიცოცხლესა და მადლს იღებდა და მეორე მხრივ, სახიფათოა, რაკი მასზე, როგორც მომპალ ჯოხზე დაყრდნობილნი ძირს ეცემიან, იმსხვრევიან და იღუპებიან.
ასე მოხდა, - პეტრე ცაავაზე დაყრდნობილმა ბერებმა ცხონების გზა გადაიკეტეს და მეუფე სტეფანესაც სხვა არჩევანი არ დაუტოვეს, გარდა იმისა, რომ განეკვეთა ურჩი ბერები, თუმცა, იმის შანსი მაინც დაუტოვა, რომ სინანულით სული განეკურნათ და უძღები შვილივით დაბრუნებოდნენ დედა ეკლესიას.
სამწუხაროდ სიბნელემ სძლია სინათლეს, ამბოხებულმა ბერებმა მორჩილებას ურჩობა ამჯობინეს და უკვე განკვეთილები, ერისკაცებად ქცეულები, ღმერთს დაშორებულები, არ შორდებოდნენ მონასტრის ტერიტორიას და ამით აფერხებდნენ ეკლესიის ჯანსაღ ცხოვრებას.
ღმერთის იმედად ყოფნა მიატოვეს ბერებმა და პოლიტიკური ცვლილებების იმედით იწყეს ცხოვრება; ახლა ისინი ქრისტესთვის ლოცვის სანაცვლოდ მიხეილ სააკაშვილზე ლოცულობენ, მის დაბრუნებას ელოდებიან, რომ დაუბრუნდეთ პეტრე ცაავაც, ოღონდ არა მღვდელმთავრად, არამედ - პატრიარქად (?!).
ასეთი სატანური სულისკვეთებით რომ ბერები მონასტერში იცხოვრებენ; ეკლესიაში წირვა-ლოცვის ჟამს პატრიარქს რომ არ მოიხსენებენ; გზააბნეულ მრევლს კიდევ უფრო რომ აურევენ გზას, სულს და გონებას... საპატრიარქოს ქონებას რომ მიითვისებენ და მონასტერში მიწიერი, ვაჭრული ყოფით რომ იცხოვრებენ.... როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს საპატრიარქო ან ქვეყნის ხელისუფლება? საკითხავია, რას უზამდა ასეთ ბაცილებს წმინდა დავით აღმაშენებელი?
...
ისევ საქართველოს პატრიარქმა გვიხსნა: თავის მხედრობას მოუხმო, ჩოხოსნები დარაზმა და სთხოვა, - მშვიდობიანი სულითა და მხურვალე გულით დამდგარიყვნენ სიკეთის სადარაჯოზე.
ამ მშვიდობიანი „ომის„ მხედართმთავრად ზვიად სეხნიშვილი დაინიშნა, ხოლო მისი მოადგილეობა ლაშა გოგიაშვილმა ითავა.
შიდა ქართლის ჩოხოსანთა მეთაურმა იასონ დეკანოსიძემ თავის ლაშქარს უხმო და რაკი მთავარია, მთავარი იყოს მთავარი, ჩვენც გადავდეთ ყველაფერი და შევუერთდით საძმოს.
დალაგდა არეული მონასტერი ისე, რომ ერთი უხეში სიტყვაც არ გვითქვამს ამბოხებულთა წყევლა-გინების საპასუხოდ;
გაიწმინდა სალხინოს მამათა მონასტერი პირდაპირი მნიშვნელობითაც, რადგან წლობით დაროვილი ანტისანიტარიის მოშორება-მოწესრიგებაც ჩვენს თავზე ავიღეთ.
წირვა-ლოცვებსაც დავესწარით.
მალხაზ ძებისაური მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა, სტიქრით შეიმოსა და მამა გოჩასთან ერთადაც იმსახურა როგორც მნათემ.
მოძღვარმა კვეთაში და ბარძიმში მადლიერებით მოგვიხსენია ჩოხოსნები და გვაზიარა კიდეც.
ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სისხლის მიმოქცევა აღსდგა ავადმყოფ სხეულში და უხილავი მადლიც ხილული გახდა.
მზე ლხინობდა სალხინოში.
შემოდგომის სევდის სანაცვლოდ ბებერი ხეები მჭკნარი ფოთლების შრიალით საზეიმო ზარებს რეკდნენ და მრევლს ტაძრისკენ მოუწოდებდნენ.
კვირა დღეს მარტვილის მონასტერში დავეწარით სამეუფეო წირვას.
ქადაგებაში მეუფე სტეფანემ ბრძანა:
„.. ხშირად ადამიანებს სულიერი ორიენტაცია აქვთ არეული, როდესაც ყველაფერი გათვლილი აქვთ ამქვეყნიურ სიკეთეზე, - მიწაზე, ქონებაზე, ძალაუფლებაზე და ეს უფრო მეტად აინტერისებთ, ვიდრე სულის ცხონება. ამის შედეგია ის ბრძოლები და ურთიერთდაპირისპირება, რაც ხდება, ხოლო მიზეზი ამ ყველაფრისა ის არის, რომ ადამიანები ვერ ხედავენ ტრანსცედენტურ ღმერთს.... რომ აღიქვა ღმერთი, სულიერი თვალია საჭირო, ხოლო სულიერი თვალი რწმენის გარეშე არ გვეძლევა.„
...
წირვის შემდეგ ჩოხოსნები მარტვილის ტაძრის იმ საიდუმლო ოთახში შევედით, სადაც დავით აღმაშენებელი თავის მოძღვართან - გიორგი ჭყონდიდელთან პირისპირ განმარტოვდებოდა ხოლმე და ერთად წყვეტდნენ ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებს.
თავად ეს ფაქტი მანიშნებელია იმისა, რომ ქვეყნის აღმშენებლობისთვის სულის აღმშენებლობაა უწინარესი წინაპირობა.
მეფე დავითმა კარგად უწყოდა, რომ რწმენის ძალას და სულიერი თვალებით ხედვას არა მხოლოდ ცალკეული ადამიანების, არამედ ქვეყნის გადარჩენა, განვითარება და გაძლიერება შეეძლო.
წმინდა მეფემ კარგად იცოდა, რომ სასუფევლისკენ გზის გაკვალვას უნდა ემსახურებოდეს არა მხოლოდ ეკლესია, არამედ - მის გვერდში მდგომი საერო ხელისუფლებაც.
...
იქნებ დადგა ჟამი საქართველოს თითოეული ხელისუფლი პატრიარქის მხედრობაში გაერთიანდეს, რომ რწმენა მიეცეს, სულიერი თვალი აეხილოს და მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, ერს და ბერს სასუფევლისკენ სიარულში რომ წაადგება.
P.S. ბოლოს მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო და ღვთის შეწევნა ვუსურვო მეუფე სტეფანეს, რომელიც სატანის შემოტევებს გმირულად უმკლავდება, ფრონტის წინა ხაზზე დგას და მაგალითს გვიჩვენებს, როგორ უნდა ემსახურო ღმერთს, სამშობლოს და ადამიანებს.
პატრიარქის ჩოხოსანი - ბესიკ კაიშაური

16 ნოემბერი 2021