საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
როგორც ცნობილია, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ სააკაშვილი, ციხეში ორჯერ მოინახულა და ორივე შემთხვევაში მისგან გაკეთებულმა კომენტარმა ხალხის დიდ ნაწილში ვნებათაღელვა გამოიწვია.
თადაპირველად მან განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში ერთადერთ გამოსავლად საყოველთაო შერიგება მიაჩნია, რისი მაგალითიც ქვეყანას პირველმა პირებმა უნდა უჩვენონ, ამასთან, ყველამ ერთმანეთს უნდა ვთხოვოთ შენდობა და ვაპატიოთ წლების მანძილზე ჩადენილი დანაშაული.
რა თქმა უნდა, სურვილი სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებისა და საყოველთაო შერიგებისა ეკლესიისთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო და არის, მაგრამ მისი განხორცილებისთვის საგანგებო შრომაა გასაწევი და სათანადო, შეთანხმებული ნაბიჯებია გადასადგმელი(მით უფრო ჩვენს რეალობაში). ასევე აუცილებელია, გათვალისწინებული იქნას დაზარალებულთა პოზიცია და თავისი წილი პასუხისმგებლობა ყველამ ღირსეულად იტვირთოს, რათა სამართლიანობის განცდა აღდგეს.
საეკლესიო სწავლებითაც შერიგება (როგორც ადამიანებს, ისე ღმერთსა და ადამიანს შორის) შეუძლებელია ცოდვათა აღიარების, სათანადო სინანულისა და შესაბამისი ეპიტიმიების აღსრულების გარეშე.
ხოლო რადგან უპირობო ან გარკვეული პირობით შერიგებაზე და, განსაკუთრებით, ციხიდან გათავისუფლებაზე საუბარი ძირითადად მესამე პრეზიდენტთან მიმართებაში გაჟღერდა, მიუხედავად მაღალი სამოქალაქო ინტერესისა, ობიექტურობიდან გამომიდინარე, ამის სურვილი მაშინ სხვა პატიმრებთან მიმართებაშიც უნდა გამოთქმულიყო.
ეს დამოკიდებულება რომ არ იკითხებოდა მიტროპოლიტის განცხადებაში, სწორედ ამან შექმნა საზოგადოებაში უარყოფითი განწყობა.
სამწუხაროდ, ამა წლის 8 ნოემბერს გაკეთებული კომენტარითაც მეუფე ნიკოლოზმა მოქალაქეთა სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია, პირველ რიგში, ქრისტიანული სწავლების კონტექსტში მოხმობილი შეუსაბამო შედარებებით;
მან ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა 40 დღე მშრალად იმარხულა, რითაც დიდი მსხვერპლი გაიღო ქვეყნის გაძლიერებისათვის და იმისათვის, რომ სიძულვილის ენა დავივიწყოთ. ამ ღვაწლით კი ყველაფერი შეინანა.
პრეზიდენტისა და მისი მომხრეებისაგან კი ყველა ინფორმირებულია, რომ იგი შიმშილობს პროტესტის ნიშნად, უსამართლოდ მიიჩნევს მის დაკავებას და თავს დამნაშავედ არ სცნობს.
საეკლესიო მარხვა არის სინანულის აქტი, რომელიც აღესრულება ცოდვათა მონანიებისა და შენდობის სასოებით ... და საერთო არაფერი აქვს უსამართლო მოპყრობის მოტივით განხორცილებულ ისეთ საპროტესტო ფორმასთან, სადაც მოშიმშილე შესაძლო მძიმე შედეგის პასუხისმგებლობას სხვას აკისრებს.
ამიტომაც, პოლიტიკური მოტივებით განპირობებული შიმშილობის (მითუმეტეს, რაციონი არასამარხოცაა) გაიგივება 40 დღიან მშრალ მარხვასთან, მარხვის არსის დაკნინებაა.
ვწუხვართ, რომ მღვდელმთავრის ბოლოდროინდელმა პირადმა შეხედულებებმა ურთიერთშენდობის გზაზე ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა კიდევ უფრო გაართულა.
საერთოდ კი მეუფე ნიკოლოზს მრავალი სათნო საქმე აქვს აღსრულებული და ყოველთვის იყო აქტიური. ვიმედოვნებთ, ასეთ გადაცდომებს მომავალში აღარ დაუშვებს და ეკლესიისა და ხალხისათვის არაერთ სასიკეთო ნაბიჯს გადადგამს.
არ შეიძლება ორიოდე სიტყვა არ ვთქვათ, იმ შეცდომებზე, რომელიც მასმედიისაგან და საერო პირთაგან არის დაშვებული,- მხოლოდ ერთმანეთის დადანაშაულება და ლანძღვა საქართველოს სიკეთეს არ მოუტანს. მოქალაქეთა პოლარიზების ხელშეწყობა და მისი გაღრმავება ქვეყნის წინაშე მძიმე დანაშაულია...
კიდევ ერთხელ მივმართავთ სასულიერო პირებს, მრევლს და მათ, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო, კარგად გააცნობიერონ არსებული ვითარება და თავი შეიკავონ უხეში და დამამცირებელი ურთიერთმიმართვებისაგან. პოზიციის დაფიქსირება ყოველთვის შეიძლება, ოღონდ ეს არ უნდა ისახავდეს მიზნად სხვათა შეურაცხყოფას, არამედ,- სიმართლის ობიექტურად წარმოჩენას.
ამ რთულ ვითარებაში თითოეულ ჩვენგანს ღმერთმა შეაძლებინოს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც რეალურად ხელს შეუწყობს სამოქალაქო მშვიდობასა და შერიგებას.
P.S. განსაცდელში მყოფი ქრისტიანისაგან ზიარების მიღების სურვილი, რა თქმა უნდა, სწორია. ამ მიზნით, პატიმართან შესვლა კი, ზოგადად, კათოლიკოს-პატრიაქის ნებართვით ხდება; მაგრამ აღსარება იძლევა თუ არა ზიარების შესაძლებლობას, ეს უშუალოდ სასულიერო პირის გადასაწყვეტია. ამდენად, ზიარება მის სამოძღვრო პასუხისმგებლობას წარმოადგენს.
11 ნოემბერი 2021