• შემოგვიერთდით
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მღვდელმთავრების ცალკეული განცხადებები საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია არ არის

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მღვდელმთავრების ცალკეული განცხადებები საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია არ არის
  დღეს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების პეტიციაზე მღვდელმთავრების ხელმოწერასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.
  „ეკლესია სულ ამბობს, რომ ერთმანეთს მივუტევოთ, ერთმანეთი გვიყვარდეს. ძირითადად, თქვენი ტელევიზიებია, ადამიანებს რომ აპირისპირებს და ახლა ჩვენ გვეკითხებით შერიგებაზე? ქრისტიანული იდეა არის შერიგება, მაგრამ ქრისტიანული იდეა სრულად განხორციელებული სახელმწიფოს რეალობაში ჯერ არ გვინახავს. ამას ჩვენ პირველად არ ვამბობთ, სულ ვამბობთ.
  ეკლესია სულ ამბობს, რომ ერთმანეთს მივუტევოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ფუნქციონირების პარამეტრებსა და კატეგორიებში გადის ქრისტიანული მოწოდებების სრულად შესრულება. ასე რომ იყოს, აქამდე ძალიან ბედნიერად ვიცხოვრებდით“, - ბრძანა დეკანოზმა ანდრიამ.
  რაც შეეხება მღვდელმთავრების მიერ ქვეყნის მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციაზე ხელმოწერის ფაქტებს, მამა ანდრიას თქმით, როცა ქრისტიანული იდეის პოლიტიზება ხდება, ეს ყოველთვის არასწორ სახეს იღებს.
  „საპატრიარქოს პოზიცია არ არის არცერთი განცხადება, რაც მათ კერძოდ გააკეთეს“, - აღნიშნა მამა ანდრიამ და დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შესული იყვნენ როგორც მაღალი იერარქები, ისე სხვებიც, მათ შორის, „ოჯახის წევრებიც, პატრიარქის მდივანიც იყო, მაგრამ რა?! ჩვენ სულ დავდივართ ციხეებში. თქვენ ხომ სულ ითხოვთ, რომ საპატრიარქო არ იყოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართული?! როცა ქრისტიანული იდეის პოლიტიზება ხდება, ეს ყოველთვის არასწორ სახეს იღებს, ყოველთვის არის კიდევ ერთი დაპირისპირების მიზეზი და საფუძველი.
  იდეა პატიებისა და სიყვარულისა ინდივიდუალურად, თითოეულ ადამიანზე გადის. მე თუ მეხება, რომ ვინმეს შენდობა ვთხოვო ან შევუნდო, მზად ვარ, ყველას შენდობა ვთხოვო და შევუნდო, ვისთვისაც რამე მიწყენინებია. პირადად ჩემზე შემიძლია საუბარი. ასე კოლექტიური შენდობა, კოლექტიური ცხონება, კოლექტიური ცათა სასუფეველში შესვლა არ არსებობს“, - ბრძანა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. (წყარო "საპატრიარქოს უწყებანი)

15 ოქტომბერი 2021