• შემოგვიერთდით
სვეტიცხოვლობა - პატრიარქის ტახტის მოსაყდრე შიოს ქადაგება

„ჩვენ გადაგვარჩინა ჩვენმა სარწმუნოებამ, ჩვენ ერი ყოველთვის ამას იცავდა, ამისთვის იბრძოდა და სიცოცხლეს სწირავდა... მიუხედავად მრავალი დაცემისა და შეცდომისა, იგი ყოველთვის დადიოდა საუფლო გზით. ღმერთიც თავისი მადლითა და მრავალი სასწაულით ამ გზას ყოველთვის გვინათებდა".
  საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე
  „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!
  ჩვენთან არს ღმერთი!
  თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ყოვლად სამღვდელონო მღვდელმთავარნო, თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, პელას მთავარეპისკოპოსო ფილომენ, გილოცავთ ჩვენს დღევანდელ დიდებულ საეკლესიო და საერო დღესასწაულს - სვეტიცხოვლობას, მცხეთობას, წმინდა კვართის ხსენებას, სვეტიცხოვლის ხსენებას, წმიდათა მოციქულთასწორთა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას ხსენებას, შეგვეწიოს მათი მადლი ჩვენ და სრულიად საქართველოს.
  გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას, დალოცვას, შეგვეწიოს იგი ჩვენ ყველას.
  დღეს, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ დღეს ჩვენი ქვეყნისთვის, ისტორიისა და ეკლესიისთვის, პირველ ყოვლისა, ვფიქრობთ ჩვენს ერზე, ჩვენს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზეც. ვფიქრობთ, თუ რამ მოიყვანა ჩვენი ერი აქამდე, როგორ გადავრჩით ამდენ ქარტეხილში. მის უწმინდესობასა და უნეტარესობას უყვარს წმინდა მეფსალმუნე დავითის სიტყვების მოხმობა: „მაუწყე მე, უფალო, გზაი რომელსაცა ვიდოდე“.
  ე.ი. ჩვენც, ერიც და ყოველი ადამიანიც, უნდა მიილტვოდეს, უნდა ევედროს უფალს, რომ ღმერთმა აჩვენოს, თუ რომელი გზით იაროს მან და უფალმა ამ გზაზე უნდა დააყენოს ადამიანიც და ერიც. უფალი იესო ქრისტე ამბობს, თუ რა არის ეს გზა - იგი გვმოძღვრავს ჩვენ, რომ „მე ვარ გზა, მე ვარ ჭეშმარიტება, მე ვარ ცხოვრება“.
  ჩვენი ერიც, მიუხედავად მრავალი დაცემისა და შეცდომისა, ყოველთვის დადიოდა აი, ამ საუფლო გზით და ღმერთიც თავისი მადლითა და მრავალი სასწაულით, როგორც თავისი ჩირაღდნებით, ამ გზას ყოველთვის გვინათებდა.
  ამის მრავალი დამადასტურებელი ნიშანი არსებობს. აი, თუნდაც ქრისტემდე 600 წლით ადრე საქართველოში ჩამოდიან ებრაელები, ნაბუქოდონოსორისგან დევნილები და, პირველ ყოვლისა, ჩამოაქვთ ერთი ღმერთის სარწმუნოება და ხალენი წმინდისა ელია წინასწარმეტყველისა, რაც არის ერთ-ერთი დიდი ძველი აღთქმისეული სიწმინდე. იგი აქ, ამ წმინდა ტაძარშია დაფლული. შემდეგ იყო უფლის კვართის მობრძანება, კვართის მოვანება ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ასევე აქ არის დავანებული და ერთ-ერთი ყველაზე დიდი საუნჯე და სიწმინდეა ქრისტიანული ეკლესიისა. ჩვენ ბედნიერნი ვართ, რომ მოგვეცა ეს მადლი.
  დღეს მინდა, გაგახსენოთ ერთი მონაკვეთი „წმინდა ნინოს ცხოვრების“ ერთ-ერთი ვერსიიდან. შეიძლება ეს მრავალ თქვენგანს არ ახსოვდეს. როდესაც სინედრიონიდან მოუხმეს ებრაელებს სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა განესაჯათ და გაემართათ სასამართლო უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, მცხეთიდანაც წავიდნენ ებრაელები - ელიოზ მცხეთელი და ლოგინოზ კარსნელი. თქვენ მშვენივრად იცით ეს ისტორია, თუ როგორ დააკვალიანა, დამოძღვრა ელიოზის დედამ თავისი შვილი, არ მიეღო მონაწილეობა ამ განზრახულებასა და ქრისტეს ჯვარცმაში, რადგან, მისი თქმით, ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ქრისტე იყო ის მხსნელი, რომელიც იქნებოდა გადამრჩენელი და მესია წარმართებისთვის, ყველასთვის.
  მართლაც, ისინი მიემგზავრებიან და აი, „წმინდა ნინოს ცხოვრების“ ამ ვარიანტში წერია, რომ ელიოზი და ლონგინოზი შეხვდებიან იესო ქრისტეს. იხილავენ მას. ამის დასტურად ტექსტში მოხმობილია სახარებისეული მონაკვეთი, სადაც აღნიშნულია, რომ ფილიპე მოციქულთან მიდიან ე.წ. „ელინები“, ძველ ქართულად „წარმართთაგანნი“ და სთხოვენ მას, მიიყვანოს ისინი იესო ქრისტესთან. თქვენ იცით, რომ ეს „ელინები“ ან „ელინისტები“, ქართულად „წარმართთაგანნი“ ბიბლიური, ბერძნული ენით ორი კატეგორიის ხალხი იყო. ერთნი მართლაც წარმართები იყვნენ და აპირებდნენ იუდაიზმის მიღებას, აინტერესებდათ და ამიტომ ჩადიოდნენ იერუსალიმში. მეორენი კი იყვნენ ებრაელები, რომლებიც ცხოვრობდნენ წარმართულ ქვეყნებში და ჩადიოდნენ პასექზე დასასწრებად.
  „წმინდა ნინოს ცხოვრებაში“ წერია, რომ მათ იხილეს უფალი. შემდეგ, გახსოვთ ეს მონაკვეთი, უფალი იესო ქრისტე მათ უქადაგებს. იქ დიდი ჯგუფი ხვდება უფალს და იგი ამბობს, რომ „დადგა ჟამი ჩემი ამაღლებისა, ჩემი ჯვარცმისა... ჩემი სული შეძრწუნებულია“, - უფალი თავის ჯვარცმაზე საუბრობს და მამა ღმერთს მიმართავს: „მამაო, ადიდე სახელი შენი“. ამ დროს ზეციდან ისმის ხმა: „ვადიდე და კვალაც ვადიდებ“. ვიღაც ამ ხმას გაიგებს, ვიღაც იტყვის, რომ იყო ქუხილი, ხოლო უფალი ამბობს, რომ „ეს ხმა თქვენთვის იყო და არა ჩემთვისო“. შემდეგ კი ასეთ სიტყვებს დასძებს: „კიდევ ცოტა ხანს ნათელი თქვენთან არს, იარეთ, ვიდრე ნათელი გაქვთ, რათა არ მოგიცვათ თქვენ ბნელმა“.
  „წმინდა ნინოს ცხოვრების“ ეს ვერსია ძალიან საინტერესოა, ის არ ეწინააღმდეგება წმინდა წერილს, ეს მონაკვეთი არ არის უგულებელსაყოფი. ჩვენ არ ვიცით, როგორი იყო მცხეთელი ებრაელების პასუხი, მაგრამ მათ ჩამოაბრძანეს კვართი და „წმინდა ნინოს ცხოვრების“ ამავე ვარიანტში წერია, რომ ელიოზ მცხეთელი „არა სადა თანა ეზიარა“ ამ განზრახვას მაცხოვრის ჯვარცმისა, არამედ განზე იდგა ისიც და მისთანანიც. აი, ასეთი საინტერესო მონაკვეთია „წმინდა ნინოს ცხოვრებაში“.
  ღმერთა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.
  ელიოზმა ჩამოაბრძანა ეს დიდი სიწმინდე და მას მერე ჩვენთან არის, როგორც დიდი მანათობელი ჩვენი ერისა, სიმბოლო ერთიანობის, გამთლიანებისა. ამას მოჰყვა წილხვდომილობა ღვთისმშობლისადმი ჩვენი ერისა, შემდეგ ხუთი მოციქულის ქადაგება ჩვენს ქვეყანაში - ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათასი. შემდეგ იყო წმინდა ნინოს მობრძანება და ჩვენი ერის მოქცევა, გაქრისტიანება, მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას მოქცევა. შემდეგ კი ავტოკეფალიის მონიჭება, მოღვაწეობა წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლისა, რომელიც აქ განისვენებს. ეს ერთგვარი ნიშნებია ჩვენი გამორჩეულობისა, ღვთის წინაშე საზეპუროობისა და მათ შორის სვეტიცხოველი არის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე, რომელთან დაკავშირებითაც მისმა უწმინდესობამ შესანიშნავად ბრძანა ასეთი შედარება, რომ „ეს არის დიდი და მძლავრი კელაპტარი, რომელიც დაანთეს წმინდა მოციქულთასწორმა ნინომ, მეფე მირიანმა და დედოფალმა ნანამ“.
  ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ.
  იმიტომ მიმოვიხილეთ და გავიხსენეთ ეს ყველაფრი, რომ კიდევ ერთხელ ვიფიქროთ, თუ რამ გადაგვარჩინა. ჩვენ გადაგვარჩინა ჩვენმა სარწმუნოებამ, ჩვენ ერი ყოველთვის ამას ინახავდა, ამისთვის იბრძოდა და სიცოცხლეს სწირავდა. იმედი გვაქვს, დღესაც ასე გაგრძელდება.
  ჩვენს ეპოქაში ერთ-ერთი ასეთი გამოვლინება ღვთის განსაკუთრებული სიყვარულისა და შეწევნისა, იმისთვის, რომ ჩვენ კვლავაც ამ გზით ვიაროთ, არის მოვლინება ისეთი ადამიანისა და წინამძღოლისა, როგორიც გახლავთ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომელმაც თითქმის განადგურების პირას მყოფი ეკლესია ააღორძინა და აღაშენა. ეს აღმშენებლობა გრძელდება და იმედი გვაქვს, რომ ამიერითგანაც ვერცერთი ხილული და უხილავი მტერი ვერ შეძლებს საქართველოს დამარცხებას და განადგურებას.
  ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო, ყოველი ჩვენგანი, ჩვენი უცხოეთში მყოფი ქართველები.
  დღეს არის კვართი, როგორც ერთიანობის, ერთობისა და განუყოფლობის სიმბოლო და დღეს ჩვენ, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოზეც, იქ მკვიდრ ჩვენს ძმებსა და დებზე, ვლოცულობთ და იმედი გვაქვს, რომ დაგდება დრო და დღე, როდესაც ჩვენ ერთიანად, ერთითა პირითა და ერთითა გულითა, როგორც ერთი ოჯახი, ვადიდებთ ჩვენს უფალსა და ღმერთს, იესო ქრისტეს“.     (ფოტოები ია ბარბარე ჩიღვინაძის)

14 ოქტომბერი 2021