საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
მთელი საქართველო შეძრა წინანდალში დატრიალებულმა შემზარავმა ტრაგედიამ - სამი გარდაცვლილი, დაჭრილები, სულიერად დაჭრილი და განადგურებული ცოცხლები, ჩვენს თვალწინ (ერთ წამში, გნებავთ ერთ გასროლაში) ჩემპიონის უმაღლესი კვარცხლბეკიდან, ბედის სიმუხთლით დანარცხებული ოლიმპიადის გმირი...
ვაი, ჩემო ბედკრულო სამშობლოვ, რამდენჯერ გვითქვამს, შენ ვინ მოგცაო შვილი დასაკარგავი...
მაგრამ ჩვენ ხომ ის ერი ვართ, როცა ეს სიტყვები მხოლოდ მაშინ გვახსენდება, როდესაც ტრაგედია უკვე მომხდარია და ამ შემზარავ რეალობაში, გადავლილი შოკის შემდეგ, თავის სანუგეშებლად (უფრო კი იმიტომ, რომ რაღაც მაინც ვთქვათ) ამოგვხდება ხოლმე ეს სიტყვები...
ტრაგედიისა, რომელიც გმირებს ანადგურებს...
დღეს ყველა იმაზე მსჯელობს, თუ რა მოხდა წინანდალში. ვინ გაისროლა პირველმა, ვისი მიზეზით, რანაირად, როგორ...
და მიდის განკითხვა, საშინელი განკითხვა გარდაცვლილთა და ცოცხალთა...
ამ დროს კი საქართველოს მოუკვდა სამი ვაჟკაცი, იქნებ სადიდგორე, იქნებ მარაბდის, მარტყოფის და კრწანისის ბადალი ლომები...
ბევრი მხოლოდ მოვალეობას იხდის (რაღაც უნდა თქვას, თუნდაც მკრეხელური) და დამნაშავის და მკვლელის იარლიყს უცერემონიოდ აკერებს ამ ტრაგედიის განადგურებულ მონაწილეებს, მცირედნი გულით და ცრემლით განიცდიან მომხდარს და ერთნაირად ეცოდებათ ორივე მხრიდან ასე უღვთოდ გამეტებული ბიჭები. უმრავლესობა, როგორც ყოველთვის, სეირის მაყურებელია და პატივმოყვარეობას იმით იკმაყოფილებს, თუ რამდენად მძაფრი ვნებათაღელვა და დრამატული გაგრძელება მოჰყვება ამბავს, რომელმაც გააუბედურა ყველა შეგნებული ადამიანი...
ამ უბედურებაში, თუ ქართველობა შეგრჩა, ერთნაირი განცდით უნდა გებრალებოდეს გარდაცვლილი ბიჭებიც და გადარჩენილნიც, რადგან ამ შეუბრალებელ ომს გამარჯვებული არ ჰყოლია, ყველა მწარედ დამარცხდა...
უნდა გებრალებოდეს ზურა ზვიადაური, მილიონობით ადამიანის სათაყვანებელი და ძვირფასი ბიჭი, რომელმაც სამშობლოს სახელი მსოფლიოს გააცნო და დღეს, ამ მძიმე წუთებში, მასზე მეტად სულით-ხორცამდე დანგრეული კაცი არ არსებობს, რადგან იქით ძმა ჩააწვინა სამარეში, აქეთ მკვლელის სახელით დაღდასმულმა უნდა ებრძოლოს ამა წუთისოფელს...
უნდა გებრალებოდეს ზვიადაურის მშობლები, რომლებსაც უკვე ორმაგი ლოდის დადება მოუწევთ ქედზე და ეს იმაზე მძიმეა, ვიდრე მხოლოდ საკუთარი ჯვრის ტარება გამწარებულ ცხოვრებაში...
ერთადერთი ნათელი სხივი, რაც ამ უგმირო ტრაგედიას უმწეო, მაგრამ დიდსულოვან იმედად აჰყვა, შვილმკვდარი დედის სიტყვები იყო, რომელმაც ვერც ზვიადაური გაიმეტა სეირის მაყურებელი ხალხივით ჩასაქოლად და სამძიმარი უთხრა ზვიადაურის მშობლ;ებს...
გამაოგნებელი სულგრძელობაა !!!...
ისეთი სულგრძელობა, სულით ხორცამდე რომ შეგძრავს...
თითქოს ქართველი ერის მიერ ოდესმე გამოთქმული უკვდავი ბალადა ვეფხზე და მოყმეზე ნუგეშად გადაეფარა ტრაგედიას...
ვერავის ვერაფერს გასწავლით, თუ ვინ რა უნდა წეროთ და თქვათ, რადგან მე თავად ვარ შეძრული. ზვიად ზვიადაურს კარგად ვიცნობდი, მახსოვს მისი თანგადაყოლა და სითბო, უანგარო მეგობრობა, მისი გულწრფელი სიყვარული საქართველოსადმი და მტკივა, უზომოდ მტკივა მისი აღსასრული...
მე კარგად ვიცნობ ოლიმპიურ ჩემპიონს ზურა ზვიადაურს, ვიცი, რა მძიმე შრომის ფასად მიაღწია იმ დიდებას, რომელშიც მისი და მხოლოდ მისი ხასიათი და ოფლი იყო ჩაღვრილი და მახსოვს მისი ცრემლიანი თვალები, როდესაც ისმენდა თავისი სამშობლოს ჰიმნს და ხედავდა ხალხის სიყვარულს. ვიცი მისი გული რასაც განიცდის და მასთან ერთად მტკივა, ცრემლებამდე მტკივა მისი განცდები...
მე არ ვიცნობდი იმ 27 წლის ბიჭს - ნიკას, მაგრამ მისი საწყალი დედის სამძიმარი ზვიადაურის ოჯახისადმი ყველაფრის მთქმელია და მისის ცრემლიც უზომოდ მტკივა...
და ჩვენ, იქნებ გვერჩიოს, ამ ტრაგედიას გადარჩენილებს (თუ ამას გადარჩენა ჰქვია), ერთხელ მაინც გვეყოს კაცობა და ღირსეული დუმილით ვუთანაგრძნოთ ორივე ოჯახს, რამეთუ რაც არ უნდა ვწეროთ და ვიკითხოთ, მაინც ვერასოდეს ჩავწვდებით ბოლომდე მათ ტკივილიან მწუხარებას...
რადგან ტრაგედიას, რომელიც მოხდა ჰყავს მხოლოდ გაწამებული გმირები, რომლებზეც ან კარგი უნდა თქვა და ან არაფერი...
იქნებ ამ არაფრის თქმაშია ჩვენი სულების გადარჩენაც, ერთადერთი უტყვი სამძიმარი უკვე ზეცას გაფრენილი სულების მძიმე ხვედრის შესამსუბუქებლად და ცოცხალთა სანუგეშოდ...
და ვილოცოთ, იქნებ უფალმა გონება გაგვიხსნას, რომ საქართველოს მომავალში მაინც აღარ ჰყავდეს უგმირო ტრაგედიით დაცემული ვაჟკაცები..
21 აგვისტო 2021