• შემოგვიერთდით
საყოველთაო ჯვრისწერა

ქრისტიანული ოჯახი უფლის სავანეა, უფლის ბაღია, რომელშიც ცოლსაც და ქმარსაც დაედგინათ მუშაკობა ღვთის სადიდებელად”- ილია მეორე
საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის და საპატრიარქოს ჩოხოსანთა ინიციატივით, საყოველთაო ჯვრისწერის ტრადიციას 2016 წელს ჩაეყარა საფუძველი.
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, უჩვეულო გამოცოცხლებაა ხაშურის იოანე ნათლისმცემლის ტაძარში. ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდები, სხვადასხვა ასაკის წყვილი - საყოველთაო ჯვრისწერის მოლოდინშია. წირვის დასრულების შემდეგ ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა მამა ალექსიმ (ახალკაცი) მამა ნიკოლოზთან (ბითაძე) ერთად 15 წყვილს დაწერა ჯვარი, მათგან ყველაზე ხანდაზმული 80 წლისაა. ჯვარი დაიწერა ჩოხოსანმა, ხცისის საჯარო სკოლის დირექტორმა ლელა ქვრივიშვილმაც, რომელიც ახლახან შეუღლდა. ჯვარდაწერილ წყვილებს საჩუქრად გადაეცათ პატრიარქის ეპისტოლე და ოჯახის მფარველი ხატი, ისინი დალოცა უწმინდესმა.
დღესასწაულის ზენიტი - ხმლების ქვეშ, მრავალჟამიერის ფონზე გატარებული ჯვარდაწერილი წყვილები. ჭეშმარიტი ზეიმი, ბედნიერი სახეები, გულით მიძღვნილი სურვილები.
ამ დღის ღირსეულად აღნიშვნას ხაშურის სადროშოს ჩოხოსნებთან ერთად ყოველწლიურად ხელმძღვანელობს ჯვრისწერის სამსახურის უფროსი ფირან ღონღაძე. წლევანდელ ჯვრისწერას კი განსაკუთრებული ხიბლი შემატა გომის სადროშოს საორგანიზაციო სამსახურის ხელმძღვანელის ირმა კაპანაძის მონდომებამ და აქტიურობამ.
ვულოცავთ ყველა ჯვარდაწერილ წყვილს და სრულიად საქართველოს ოჯახის სიწმინდის დღეს! ვუსურვებთ ძლიერ, მტკიცე და სიყვარულით შედუღაბებულ ოჯახებს!

18 მაისი 2021