საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
მსოფლიო საპატრიარქოს ვერიის, ნაუსისა და კამბანიის სამტროპოლიტოში, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, მიტროპოლიტ პანტელეიმონის ხელმძღვანელობით, ჩატარდა 28-ე საერთაშორისო საღვთისმეტყველო-სამეცნიერო კონფერენცია ,,პავლენი", თემაზე - ,,წინდა მოციქული პავლე და კრიზისების მართვა".
სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებთან ერთად საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებმა -
საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელმა, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) და იღუმენმა მიქაელმა (ბრეგვაძე).
მეუფე გერასიმემ კონფერენციის მონაწილეებს გააცნო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მისალოცი სიტყვა.
შეხვედრაზე წაკითხული მოხსენებები ეხებოდა თანამედროვე მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს პრობლემების გადაჭრის გზები, საეკლესიო გამოცდილების გათვალისწინებით.
სადღესასწაულო ღონისძიების ფარგლებში მოწვეულმა საპატიო სტუმრებმა მიტროპოლიის წარჩინებული მოსწავლე და სტუდენტი ახალგაზრდობა დააჯილდოვეს საეკლესიო სიგელებითა და მედლებით.
სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიიდან მოწვეულმა მღვდელმთავრებმა და მღვდელმსახურებმა აღასრულეს პეტრე-პავლობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ერთობლივი ჟამისწირვა. დღესასწაული დასრულდა წმინდა მოციქულ პავლეს ნაკვალევზე გამართული საზეიმო ლიტანიით.
სტუმრებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს ნაუსასში შეწირული გმირი ახალმოწამე დედებისა და მათი შვილების 200 წლისთავისადმი მიძღვნილი საპატიო ძეგლის გახსნაში.
წყარო: საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
30 ივნისი 2022