• შემოგვიერთდით
წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი სიქსტის კაპელაში კონცერტს გამართავს

2021 წელს საქართველოს პრეზიდენტის, ქ-ნ სალომე ზურაბიშვილის ვატიკანში ვიზიტის პერიოდში ვატიკანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ქ-ნ ქეთევან ბაგრატიონისგან, გაჩნდა იდეა, - რომის სასულიერო მუსიკის პონტიფიკალური ინსტიტუტისა და წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელს შორის ურთიერთობების დამყარების შესახებ, რაც წელს რეალობად იქცა, - მემორანდუმი საბოლოოდ გაფორმდება რომის სასულიერო მუსიკის პონტიფიკალურ ინსტიტუტში, რომელსაც ხელმძღვანელობს მონსინიორ ვინჩენცო დე გრეგორიო, შემდეგ კი სამების საკათედრო ტაძრის გუნდი კონცერტს გამართავს სიქსტის კაპელაში.
  ამასთან დაკავშირებით, ა.წ. 23 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სამღვდელოებასთან ერთად საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ქ-ნი თეა წულუკიანი, მისი მოადგილე - ბ-ნი კახა სიხარულიძე, წმიდა საყდრის დესპანი, მისი აღმატებულება ჟოზე აველინო ბეტანკური, საქველმოქმედო ფონდ ,,ქართული გალობის“ გენერალური დირექტორი ქ-ნი ნანა გოთუა, ყოვლადწმინდა სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდის ხელმძღვანელები: სვიმონ ჯანგულაშვილი და გიორგი დონაძე მიიღო.
  აღსანიშნავია, რომ 2019 წელს მისმა უწმინდესობამ, რომის პაპმა ფრანცისკემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რომში მიიწვია - 1980 წლის მისი ისტორიული ვიზიტიდან 40 წლისთავის აღნიშვნის მიზნით, მაგრამ ეს ვერ განხორციელდა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პანდემიის გამო.
  წელს საპატრიარქო გუნდიც რომის პაპის მიწვევით მიემგზავრება და, როგორც აღვნიშნეთ, სიქსტის კაპელაში გამართავს კონცერტს, რომელიც ვატიკანის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემა და მრავალ ადამიანს საშუალება მიეცემა კიდევ ერთხელ გაეცნოს ქართულ კულტურას.
  წმინდა საყდრის დესპანმა მის უწმინდესობას და უნეტარესობას რომის პაპის მოკითხვა გადასცა.
  თავის მხრივ, მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ რომის პაპს მადლობა გადაუხადა გამოჩენილი გულისხმიერებისთვის და დალოცა ისტორიული ვიზიტის ორგანიზებაში ჩართული პირები.
  სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდის ხელმძღვანელებმა მადლიერება გამოხატეს როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი გუნდის დაფუძნებისა და წლების მანძილზე გაწეული მამობრივი მზრუნველობისთვის, ასევე კულტურის სამინისტროსა და ფონდ ,,ქართული გალობისადმი“ მათთვის გაწეული თანადგომისთვის.
  სამების გუნდი 1998 წელს შეიქმნა და დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართული ტრადიციული გალობის აღდგენა-პოპულარიზაციაში.
  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, რომში გამართულ ღონისძიებებს პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე დაესწრება. 


წყარო საპატრიარქოს საზოგადობესთან ურთიერთობის სამსახური

24 ივნისი 2022