• შემოგვიერთდით
,,რუსეთმა დაიპყრო საქართველოს ორი რეგიონი. რუსეთმა დაიპყრო უკრაინის ორი რეგიონი. მიიტაცა პოლონეთის საკმაოდ დიდი მართლმადიდებლური კვიპროსის მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოსინაწილი",

,,რუსეთმა დაიპყრო საქართველოს ორი რეგიონი. რუსეთმა დაიპყრო უკრაინის ორი რეგიონი. მიიტაცა პოლონეთის საკმაოდ დიდი მართლმადიდებლური ნაწილი", -
კვიპროსის მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი
  კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა ქრიზოსტომოსმა კვიპროსულ გაზეთ ,,პოლიტისს" ვრცელი ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში იგი სხვადასხვა საეკლესიო საკითხს შეეხო. გთავაზობთ ნაწყვეტს ამ ინტერვიუდან:
  ,,კვლავ მოუგვარებელია იმ მიტროპოლიტების საკითხი, ვინც თქვენთან ერთად არ მსახურობენ?
  - მათ ვუთხარი, რომ იცოდნენ, ცუდად ვიყავი, რატომ არასდროს მკითხეს: ,,ძმაო, როგორ ხარ? რაიმე დახმარება ხომ არ გინდა?" არასდროს უკითხავთ ეს და მოვიდნენ, რომ გააპროტესტონ, თუ რატომ არ დავრჩით ნეიტრალურები უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. მათ ვუთხარი, რომ მსოფლიო საპატრიარქოში არსებობს ტომოსები, და ვისაც სურს, შეუძლია მათი ნახვა. უკრაინა არასდროს ეკუთვნოდა მოსკოვის საპატრიარქოს. თუ მათ არ სურთ ჩემთან ერთად თანამსახურება, მათი ნებაა, მაგრამ იცოდნენ, ამის გამო ეკლესიის მიღმა არიან: ,,არ ხართ კვიპროსის ეკლესიის წევრები. პროტესტანტები ხართ. თითოეული თქვენგანი საკუთარ ეკლესიას დააარსებს?! ბატონებო, ცდებით". ლემესოს მიტროპოლიტი თავის დამხმარე ეპისკოპოსთან ერთად მოვიდა და ჩემთან ერთად იმსახურა. მხოლოდ კიკოსისა და ტამასოს მიტროპოლიტები არ მოვიდნენ.
  როგორ ანაზღაურდება მიტროპოლიტთა მხარდაჭერა რუსეთის პატრიარქის მიმართ?
 - ვფიქრობ, ცდებიან. არ მინდა დავიჯერო, რომ კიკოსის მიტროპოლიტი ფულს იღებს ან ფული სჭირდება მოსკოვიდან. არ სჭირდება. ტამასოს მიტროპოლიტს შეიძლება სჭირდებოდეს, რადგან მას ვიღაც რუსმა ერთი ეკლესია აუშენა კიდეც.
  რუსეთის პატრიარქსაც გადაწყვეტილი აქვს თქვენთან კავშირის გაწყვეტა, უკრაინის გამო?
  - რუსეთის პატრიარქმა კირილემ ყველას, ვინც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია ვაღიარეთ, მოხსენიება შეწყვიტა. გუშინწინ კვიპროსში იყო ვოლოკამის მიტროპოლიტი ილარიონი, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი (ინტერვიუ ჩაწერილია მიტროპოლიტ ილარიონის გათავისუფლებამდე - მთ.). მე ვკითხე მას, თუ რატომ შეწყვიტა პატრიარქმა კირილემ ჩვენი მოხსენიება? ნუთუ კათოლიკეები ან პროტესტანტები გავხდით?! ნუთუ რელიგია შევიცვალეთ?! რადგან ბერძნულად საუბრობს, ვკითხე, თუ ესმის, რას ნიშნავს სიტყვა παροξυσμός (გამწვავება). მან მითხრა, რომ παροξυσμός-ს აღიქვამდა, როგორც ძლიერ უთანხმოებას.
  რა გინდოდათ, ამით გეთქვათ?
  - მას ვუთხარი - მოციქულ ბარნაბასა და მოციქულ პავლეს შორისაც გამწვავდა ურთიერთობები, უთანხმოებათა გამო, მაგრამ საერთო ტრაპეზზე ერთად იყვნენ და უფლის უხრწნელ სისხლსა და ხორცს ერთად ეზიარებოდნენ. ურთიერთობდნენ და არ შეუწყვეტიათ ერთმანეთის მოხსენება. ვუთხარი, გადაეცა პატრიარქ კირილესთვის, რომ საჭიროა, დაუტევოს შეცდომები და დაიწყოს ჩვენი მოხსენიება. ჩვენ მას ვიხსენიებთ. მას ეპისტოლეებს ვუგზავნი და პასუხს მწერს.
  რა გიპასუხათ მიტროპოლიტმა ილარიონმა?
  - მითხრა, გადავცემო, მაგრამ ეჭვი მეპარება. კირილეს ისინი დაზაფრული ჰყავს. ძალიან ეგოისტია და მიტროპოლიტებს ეშინიათ მასთან მიახლოება. მე ბევრჯერ მიჩხუბია მასთან, ვინაიდან შეცდომას უშვებდა ხოლმე. რუსეთის ეკლესიის შესახებ მე მაქვს შეხედულება, რომ ადრე კომუნიზმის ქვეშ იყვნენ და არ შეეძლოთ საუბარი, რადგან იმას აკეთებდნენ, რასაც მათ პარტიის გენერალური მდივანი ეუბნებოდა.
  მაგრამ ახლა კომუნიზმი აღარ არსებობს...
  - გგონიათ, აღარ არსებობს? სადაც ის დაიბადა, კომუნიზმი მოკვდა, მაგრამ მისი მსოფლმხედველობა კომუნისტურია. ახლა ეთნიკური კრიტერიუმიც აქვთ და წარმოაჩენენ ხოლმე თავიანთ სლავურ წარმომავლობას, მაგრამ უკრაინელებიც სლავები არიან და იმ თავდასხმათა გამო, რომლებსაც განიცდიან, სძულთ რუსები. მრავალი წელი და რამდენიმე თაობა ჩაივლის, სანამ შერიგდებიან.
  რა მოტივები აქვს რუსეთისა და უკრაინის ბრძოლას?
  - არასდროს მჯეროდა, რომ ეს საეკლესიო თემაა. ესაა უკიდურესად პოლიტიკური თემა და მხოლოდ უკრაინას არ ეხება. რუსეთმა დაიპყრო საქართველოს ორი რეგიონი. რუსეთმა დაიპყრო უკრაინის ორი რეგიონი. მიიტაცა პოლონეთის საკმაოდ დიდი მართლმადიდებლური ნაწილი. პოლონეთის ეკლესია პატარაა, მაგრამ მას წაართვა ერთი ნაწილი ნახევარი მილიონი მართლმადიდებლით. რუმინეთსაც წაართვა ერთი ნაწილი. ვისაც ესაზღვრებოდა, რუსეთი ყველას ართმევდა..."  (წყარო -საპატრიარქოს უწყებანი)

23 ივნისი 2022