საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
ლვოვში 2022 წლის 14 ივნისს გამართულ საოლქო საბჭოს სხდომაზე დეპუტატებმა შეიმუშავეს განცხადება, რომლის მიხედვითაც ისინი ქვეყნის მასშტაბით ითხოვენ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობის აკრძალვას. რეზოლუციას მხარი 59 დეპუტატმა დაუჭირა.
„ჩვენ, ლვოვის საოლქო საბჭოს დეპუტატები, ვაცნობიერებთ რა პასუხისმგებლობას ლვოვის ოლქის ამომრჩეველთა წინაშე, მიუღებლად მიგვაჩნია სრულიად უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობა.
მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველობის საფარველქვეშ განხორციელდა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ანექსია, ხოლო დონბასში მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ნაგებობებში იმალებოდნენ რუსი შეიარაღებული ბოევიკები და სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები, რომლებიც იპყრობდნენ ჩვენ მიწებს და ხოცავდნენ უკრაინელებს.
ხშირია ფაქტი, როდესაც მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები უარს ამბობდნენ, წესი აეგოთ უკრაინელი ჯარისკაცებისათვის, რომლებიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას იცავდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ 27 მაისს მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კრებაზე შეიცვალა მართვის დებულება, ეს ეკლესია მაინც სრულად არის დაკავშირებული რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან როგორც იურიდიულად, ისე სულიერად. კონსტანტინოპოლში მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას არ აღიარებენ ცალკე, სრულფასოვან ეკლესიად და ოფიციალურად აღნიშნავენ, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსები მიიჩნევიან „უკრაინაში მცხოვრებ რუსეთის ეკლესიის ეპისკოპოსებად“.
ეს და სხვა ფაქტები მოწმობენ იმაზე, რომ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ერთობას და სახელმწიფოებრიობას. მიმართულია უკრაინის ერის გენოციდისკენ და პირდაპირ საფრთხეს უქმნის უკრაინელების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას და ღირსებას“, - აღნიშნულია განცხადებაში. (წყარო - საპატრიარქოს უწყებანი)
16 ივნისი 2022