საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
ლომისობა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია ქართველებისთვის და სულთმოფენობის შემდგომ ოთხშაბათს აღინიშნება. ლომისობის დღესასწაულის დაარსებას კი ასეთი ლეგენდა აქვს:
თამარ მეფის გარდაცვალების შემდეგ საქართველო დასუსტდა, სულთანმა ჯალალ-ედ-დინმა ჩვენი ქვეყანა ააოხრა. არაგვის ხეობიდან 7000 არაგველი ტყვედ წაიყვანა. გადმოცემის მიხედვით, მათ მთიულეთის მთავარი სიწმინდე – გზოვანის წმინდა გიორგის ხატიც წაიღეს. ხატმა მტრის ქვეყანა გააუბედურა – აღარც მოსავალი მოდიოდა და აღარც საქონელი და ადამიანები იყო კარგ დღეში, რის გამოც სულთანმა მკითხავები დაიბარა. მათი თქმით, უბედურების მთავარი მიზეზი გურჯისტანის ხატი იყო. სულთანმა მისი საკირეში ჩაგდება ბრძანა, მაგრამ ხატი საკირიდან უვნებელი ამოფრინდა და იქვე მყოფი თეთრი ხარის რქაზე დაბრძანდა. ხარი და ხატი მანამდე არ წავიდნენ, სანამ სულთანმა ყველა ტყვე არ გაათავისუფლა. აღმოჩნდა, რომ ტყვეთა შორის არ იმყოფებოდა კოჭლი დედაკაცი, რომელიც ერთ-ერთ ხორასნელს მოახლედ ჰყავდა წაყვანილი. საბოლოოდ ის ქალიც მოძებნეს და ხარი ხატის თანხლებით და 7000 არაგველით საქართველოსკენ გამოემართა.
გადმოცემის მიხედვით, ხარი ქსნისა და არაგვის ხეობათა წყალგამყოფ ქედამდე მივიდა და იქ უსულოდ დაეცა. ხატიც იქვე დაფრინდა. მთის წვერიდან არაგვამდე ხალხი ჯაჭვად გაება და ტაძარი ააშენა. ხარს ლომა ერქვა, ამიტომ სალოცავსაც ლომისას წმინდა გიორგი ეწოდა. 7000 არაგველი მშობლიურ ხეობაში გაიფანტა და მადლიერების ნიშნად წმინდა გიორგის სახელზე საყდრები ააშენა.
ამის შემდგომ, უკვე 8 საუკუნეა, სულთმოფენობის შემდგომ ოთხშაბათს ტაძარში მლოცველები ადიან და ასე ილოცებიან:
„ღმერთო, გაუმარჯვე დიდ ლომისას წმინდა გიორგის, ხორეშანით მობრძანებულს, შვიდი ათასი ტყვის მხსნელს, ქსნისა და არაგვის თავდამყუდებელს.”
15 ივნისი 2022