საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
,გზა, რომელიც ჩვენ გაგვაერთიანებს... არის მხოლოდ მშვიდობა. მოგვცეს სულიწმიდამ ეს მადლი მშვიდობისა, სიყვარულისა, რომ ჩვენ მოვესწროთ იმ ბედნიერ დღეს, როდესაც აფხაზებთან და ოსებთან ერთად გავიხარებთ, სულიწმიდის მადლი გადმოვა ჩვენზე და ჩვენს ერთობას აღვნიშნავთ.."
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობიდან პირველი კვირის ორშაბათს სულიწმიდის დღეს აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით 2022 წლის 13 ივნისს თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის მშენებარე ტაძარში პარაკლისი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) აღავლინა.
თანამსახურებდნენ: ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ლევან ჯანაშია, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი სერაფიმე (ჭედია), საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და სხვა სასულიერო პირები.
პარაკლისს ხელისუფლებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლები და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ესწრებოდნენ.
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მღვდელმთავარმა მრევლი დალოცა და ქადაგებით მიმართა:
,,სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!
თქვენო აღმატებულებავ, ბატონო აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარევ, პატიოსანო მამანო, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, რომელსაც ეწოდება სულიწმიდის დღე.
თქვენ იცით, რომ გუშინ იყო სულთმოფენობა და აი, დღევანდელ დღეს, მეორე დღეს სულთმოფენობის შემდეგ, ეწოდება სულიწმიდის დღე. ამ დღეებში ჩვენ აღვნიშნავთ ეკლესიის დაბადების დღესასწაულს.
თქვენ გახსოვთ, რომ უფალი იესო ქრისტე ჰპირდებოდა მოციქულებს, რომ გარდამოავლენდა სულიწმიდას, რომელიც მოვიდოდა და ასწავლიდა მათ ყველაფერს, რაც ამცნო უფალმა იესო ქრისტემ. და აი, ამ სულთმოფენობის დღეს მართლაც ცეცხლოვანი ენების სახით გადმოდის სულიწმიდა მოციქულებზე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელზე და უბრალო მეთევზურები გახდებიან დიდი თავგანწირული მქადაგებლები ქრისტეს სახარებისა და ამეტყველდებიან იმჟამად არსებულ ენებზე.
დღეს ჩვენ, ჩვენი ერი, ვართ ბედნიერნი, რომ ვეკუთვნით წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიას, გვაქვს მართლმადიდებელი სარწმუნოება და ეს მადლი ყოვლადწმინდისა სულისა, რომელიც მოციქულებზე გარდამოვიდა, ჩვენზეც გადმოდის, თაობიდან თაობაზე გარდამოდის ჩვენს ეკლესიაში.
უფალი იესო ქრისტე ასეთ სიტყვებს ამბობს სახარებაში, რომ ,,სადაც ორი და სამი შეიკრიბება ჩემი სახელით, მეც იქ ვიქნები მათ შორის". ე.ი. აღგვითქვა, რომ თუ ჩვენ მასთან ვიქნებით, იგი ყოველთვის ჩვენთან იქნება, იქნება თავისი სულით, სულიწმიდით.
აი, დღეს დავფიქრდეთ ამაზე, რომ მთავარია, შევინარჩუნოთ ეს დიდი ნიჭები, რომელთაც გვაძლევს სულიწმიდა და ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენს გულებშიც გარდამოვიდეს სულიწმიდის მადლი, რომ მოვიხვეჭოთ ის ნაყოფები, ნაყოფი სულისა, რომელზეც საუბრობს პავლე მოციქული თავის ეპისტოლეში, რომ ნაყოფი სულისა არს სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიტკბოება, სახიერება, მოთმინება, მარხვა, მყუდროება და ა.შ.
ვინაიდან ეს არის ის სათნოებები, რომლებიც მიმყვანებელია ცათა სასუფეველში, როგორც ამბობს უფალი იესო ქრისტე, რომ ,,ვინც შესვამს ამ წყალს (სულიწმიდას გულისხმობს), მასში იგი გარდაიქცევა წყაროდ ცათა სასუფეველში მიმყვანებლად".
დღეს, რა თქმა უნდა, აქ შეკრებილია აფხაზეთის საზოგადოება და სულიწმიდის დღეს ჩვენ გადავიხადეთ პარაკლისი, ვილოცეთ ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი სამშობლოს გამთლიანებისთვის და, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი სამშობლოს უმშვენიერესი მხარისთვის - აფხაზეთისთვის.
რა თქმა უნდა, ჩვენ აფხაზეთთან ერთად ვფიქრობთ ცხინვალზეც, ცხინვალის რეგიონზე, იმ საშინელ ომებზე, რომლებიც ჩვენ გადავიტანეთ და ვევედრებით სულიწმიდას დღეს, რომ ეს არასდროს არ გამეორდეს.
ვფიქრობთ იმ გზაზე, თუ რა გაგვაერთიანებს ჩვენ კვლავ, რა დაგვიბრუნებს ჩვენ ჩვენს ამ უძვირფასეს მხარეებს, რომლებიც დროებით ჩამოგვაშორეს. ისევ გვახსენდება ის სიტყვები, რომლებიც დღეს ვთქვით, რომლებსაც ამბობს პავლე მოციქული, ის სათნოებები, რომელთაც იგი ჩამოთვლის - სიყვარული, მშვიდობა და სხვა.
ასე რომ, გზა, რომელიც ჩვენ გაგვაერთიანებს დღეს დღევანდელი ჩვენი საქართველოსთვის, არის მხოლოდ მშვიდობა. აი, მოგვცეს სულიწმიდამ ეს მადლი მშვიდობისა, სიყვარულისა, რომ ჩვენ მოვესწროთ იმ ბედნიერ დღეს, როდესაც აფხაზებთან და ოსებთან ერთად გავიხარებთ, სულიწმიდის მადლი გადმოვა ჩვენზე და ჩვენს ერთობას აღვნიშნავთ.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.
ჩვენთან არს ღმერთი!
ღმერთმა დაგლოცოთ. მართლაც, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაში ეკლესიამ უნდა ითამაშოს ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი, იმიტომ რომ ეკლესია მშობელია და დედაა ქართველებისთვისაც და აფხაზებისთვისაც, ეს არის მთავარი გამაერთიანებელი ჩვენთვის. ღმერთმა მოგვასწროს ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას, გადარჩენას და გაძლიერებას.
ღმერთმა დაგლოცოთ!"
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ შედგა ჩვენება ფილმისა, სახელწოდებით ,,ილორიდან ილორამდე", რომელიც აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკურმა ცენტრმა მოამზადა. ფილმში ასახულია წმინდა გიორგის ტაძრის მეტოქიონის მშენებლობა და საქართველოს საპატრიარქოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ცენტრალური სამთავრობო სტრუქტურებისა და იმ თითოეული ქველმოქმედის წვლილი, რომლებიც ტაძრის საძირკვლის ჩაყრიდან დღემდე აქტიურად არიან ჩართული მშენებლობის პროცესში.
აღსანიშნავია, რომ თბილისში ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მეტოქიონი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით შენდება. ტაძრის მშენებლობის ინიციატორები კი არიან აფხაზეთიდან დევნილები. ტაძარი არის ერთგვარი სიმბოლო და გამაერთიანებელი აფხაზებისა და ქართველებისა. ( წყარო - საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური)
13 ივნისი 2022