• შემოგვიერთდით
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადება

მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ძალისხმევითა და ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის ფინანსური მხარდაჭერით, ქ. ქობულეთში 2008 წელს დაარსდა საერთაშორისო საზაფხულო სკოლა-ბანაკი „სამშობლო“.
ბანაკი (Facebook საერთაშორისო საზაფხულო სკოლა- ბანაკი ,,სამშობლო’’) გათვალისწინებულია უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის, მრავალშვილიანი და სასულიერო პირთა შვილებისთვის, შეზღუდული შესალებლობის მქონე ბავშვებისთვის.
ბანაკი წლების განმავლობაში მასპინძლობდა ამერიკიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, საინგილოდან და ფერეიდანიდან, ირანის პროვინცია მაზანდარიდან ქართველ ბავშვებს.
დღემდე ბანაკს ჰყავდა 4000 დამსვენებელი.
ბანაკში, გარდა დასვენებისა, ისწავლება ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია, ცეკვა, სიმღერა, ეწყობა სპორტული შეჯიბრებები.
წელს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის და საქართველოში უკრაინის საელჩოს ერთიანი ძალისხმევით, ივლისში გვსურს მოვიწვიოთ დასასვენებლად 200 უკრაინელი მოზარდი.
თანადგომის სურვილი გამოთქვა ზოგიერთმა ბიზნესმენმა, მათ ვინაობას მოგვიანებით გავახმოვანებთ.
ღმერთს დიდება, ჩვენ მშვიდობა!    (წყარო - საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური)

13 ივნისი 2022