საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
„მიეცით ნებისმიერ ერს დავით გარეჯი და მას
ისტორია ექნება“
ნიკო კეცხოველი
ქრისტეს შობის VI საუკუნიდან, ჩვენთვის-ქართველებისთვის დავით გარეჯა წარმოადგენს ერის ისტორიული, სარწმუნოებრივი და კულტურული იდენტობის ნაწილს. ქრისტიანულ სამყაროში ასეთი მნიშვნელობის ადგილებია: იერუსალიმი, ანტიოქია, ალექსანდრია, მცხეთა, სინის მთა, ათონის მთა, (კონსტანტინეპოლი ქრისტიანებმა 1453 წლის შემდეგ დავკარგეთ და იქ ამჟამად მეჩეთია). ამ ჩამონათვლიდან ორის გარდა (მცხეთა, დავით გარეჯა),დანარჩენები საქრთველოდან საკმაოდ შორსაა და ისინი ათონის მთის გარდა ქრისტიანული ქვეყნების ტერიტორიაზე აღარ არიან. იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია, ანტიოქია თურქეთის ტერიტორიაზეა და იმდენადაა დღეს დაკნინებული, რომ ბევრმა ისიც კი არ იცის გეოგრაფიულად თურქეთის რა ადგილზე მდებარეობს. დღეს ანტიოქიას ანთაქიდ მოიხსენებენ და სულ მცირე მატერიალური კვალიღაა დარჩენილი მისი წარსული დიდებიდან. ალექსანდრია მდებარეობს ეგვიპტის ტერიტორიაზე, ერთ დროს მართლმადიდებლობის ბურჯი, XX საუკუნის 50-იან წლებამდე მილიონიანი მრევლით, დღეს არაბული ქალაქია და რიგ შემთხვევებში ისკანდერუნად მოიხსენებენ. სინის მთა დღეს ეგვიპტის ნაწილია, რომელიც ოდესღაც ბევრი ეკლესიით იყო გამშვენებული, მათ შორის მრავალი იყო ქართული. სინის მთაზე ქართველებმა VI საუკუნიდან დაიწყეს მოღვაწეობა. აქ იყო ქართველთა მიერ ჩამოყალიბებული კალიგრაფთა სკოლები, წიგნსაცავები და მოღვაწეთა დიდი პლეადა. ესენი იყვნენ: იოანე ზოსიმე, მიქაელ კატამინელი, იოანე კუმურდოელი, იოანე მინჩხმელი, ეზრა ქობულანისძე და სხვა. (ლ. მენაბდე „ ძველი ქართული მწერლობის კერები“, ტ. II, თბ. 1980 წ.) მას შემდეგ, რაც არაბებმა მაღრიბის ქვეყნები დაიპყრეს, ქართველთა საზღვარგარეთ მდებარე საგანმანათლებლო ცენტრმა სინის მთიდან ათონის მთაზე გადმოინაცვლა. ქართველთა საგანმანათლებლო ცენტრი ათონის მთაზე 965 წელს იოანე ათონელმა დაარსა, რომლის საქმეც მისმა ვაჟმა- ექვთიმე ათონელმა გააგრძელა.
ამ უდიდეს ქრისტიანულ სავანეთა შორის უკიდურესი აღმოსავლეთით, ორი სამყაროს მიჯნაზე, ორი მსოფლიო რელიგიის საზღვარი გადის დავით გარეჯაზე. ქართველებისთვის, ვისაც გვაქვს ბედნიერება დაუბრკოლებლად ვიხილოთ „ქართული იერუსალიმი“, სადავო არაა, რომ დავით გარეჯას დასახელებაც, ისტორიული ძეგლიც, იქ მოღვაწე სასულიერო პირებიც, სამყაროს ისტორიის ბოლო 1500 წელი და მანამდეც სრულიად ქართული და მართლმადიდებლურია. ბერული მოღვაწეობა კი აქ დაიწყო VI საუკუნეში, ერთ-ერთი თორმეტთაგანი ასურელი მამის დავითისა და მისი მოწაფის ლუკიანეს მიერ პირველი კლდის გაჭრით. იმ მომენტისთვის და მანამდეც, ამ უდაბნო ადგილებში არსებული დაბა-სოფლები სასმელად გამოუსადეგარ მწარე წყლებს მოიხმარდნენ, რომლებიც დღესაც მრავლადაა ამ მხარეში. ამაზე მეტყველებს დღემდე შემორჩენილი ტოპონიმები: მწარე წყალი, მწარე ტბები, ღვინჭრობი და სხვა. გამოსადეგი წყლის მოპოვება შესაძლებელია სწორედ იმ მეთოდით, როგორსაც აქ მყოფი ბერ-მონაზვნები მოიპოვებდნენ VI საუკუნიდან XIX საუკუნის ჩათვლით. კერძოდ, დავაკვირდეთ დავითის ლავრის გეოგრაფიულ მდებარეობას, იგი გაშენებულია დავით გარეჯელის მიერ ჩიჩხიტურას სერის ჩრდილოეთ კალთაზე დიდ მასიურ ქვიშაქვის ფილებზე, რომლებზეც დღის განმავლობაში მზე მხოლოდ საღამოს, მცირე დროით ხვდება, ეს კი ხელს უწყობს, სერის ჩრდილო კალთებზე მიწაში დაგროვილი ტენის კონდენსირებას და სასმელი წყლის გამოყოფას, ამიტომაცაა, რომ დავითის ლავრის გარშემო, ქვიშაქვის ფერდზე გამოკვეთილია წყლის მრავალი დიდი რეზერვუარი, რომლებიც წვიმის წყალთან ერთად გრუნტის წყლით ივსებოდა, საიდანაც ვარგისი წყლით მარაგდებოდა, როგორც უდაბნოს ქვაბები, ისე ბერთუბანი და გარშემო არსებული ეკლესიები. ეს მაგალითი იმისათვისაა, რომ გარდა მთავარი, სულიერი ერთობისა და მყარი რწმენისა დავით გარეჯას 18-ვე წმინდა ადგილი არასოდეს არ იყო ერთმანეთისაგან რამე ცალკე აღებული ობიექტი, არამედ ყველა ისინი ყოველთვის წარმოადგენდნენ ერთიან, მთლიან სისტემას, დღეს კი „ჩათრეულნი“ ვართ მეზობელ ქვეყანასთან იმის დავაზე, რომ ჩიჩხიტურას სერი მათთვის წარმოადგენს 1) სტრატეგიულ სამხედრო სიმაღლეს, 2) ალბანური კულტურის ძეგლს. ჩვენთვის ერთიც მიუღებელია და მეორეც, რადგანაც, კიდევ ვიმეორებთ, 1500 წელი აქ ვლოცულობთ ქართველები.
21-ე საუკუნეში დავით გარეჯას გეოგრაფიული სტრატეგიული წერტილი აღარ არსებობს, ვინაიდან კარგად განვითარდა თანამედროვე ტექნოლოგიები და ამის საჭიროების საკითხი აღარ დგას( ეს ყარაბაღში ომმაც აჩვენა).ამასთანავე აღსანიშნავია, რომ არც ერთი ალბანური კულტურის მემკვიდრეობის ობიექტი, თუნდაც არქეოლოგიური აქ არ არის დაფიქსირებული. საზღვრის გავლება აბსურდამდეც კი მიდის-თითქოს ჩიჩხიტურას კოშკის სამხრეთი კედელი აზერბაიჯანის მხარესაა მოქცეული (სადაც 2007 წლიდან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები გამოჩნდნენ), ხოლო დანარჩენი სამი საქართველოს მხარეს. ამ „გაუგებრობას“ გამორიცხავს, 1937-38 წლებში დაბეჭდილი 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა, და ეს გაუგებრობა დროა დამთავრდეს, დამთავრდეს ორივე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილებით, უპირველეს ყოვლისა იმის გათვალისწინებით, რომ ერთი ერის ისტორიული მემკვიდრეობა, მისი სულიერი კულტურა მეზობელი ერის ხარჯზე საკუთარი, ამ შემთხვევაში დროებითი ისტორიის შექმნით არ უნდა თავდებოდეს. რა უნდა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ 1 500 წლის წინ დავით გარეჯელის პირველი მხარდამჭერი რუსთაველი ერისთავი ბუბაქარი იყო, ხოლო ბუბაქარის ქვეშემრდომნი დავით გარეჯელის პირველი მრევლი. რა უნდა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ IX საუკუნეში რუსთავის ეპისკოპოსმა ბართლომემ მღდვლად აკურთხა დავით გარეჯში მოღვაწე ილარიონ ქართველი. ისტორიას ვერ გავამრუდებთ, თუნდაც იმიტომ, რომ აქ, დავითის ლავრაში განისვენებს წმ. დავით გარეჯელი. აქვე ბერთუბანში ერთიანი საქართველოს მეფეთა: თამარისა და ლაშა გიორგის უნიკალური ფრესკებია, ხოლო უდაბნოს ქვაბების მოხატულობის უძველესი ფენები IX-X საუკუნით თარიღდება. დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსი შედგება 18 სხვადასხვა ადგილზე გაშენებული ობიექტისგან, აქედან დღესდღეობით სადავო გაგვიხადეს ქართველთათვის უძვირფასესი 2 წმინდა ადგილი: უდაბნოს ქვაბები და ჩიჩხიტურას მონასტერი (კოშკითურთ). ორივეს განცალკევება დანარჩენ წმინდა ადგილებისგან როგორებიცაა-დავითის ლავრა, დოდოს რქა, ნათლისმცემელი, ვერანგარეჯა, წამებული, თეთრი სენაკები, მრავალწყარო, საბერეები, პირუკუღმა, ქოლაგირი, სატორგე, შავი სენაკები, კოწახურა, ცხრაწყარო, შავი მინდორი შეუძლებელია. ამიტომაცაა, რომ ჩვენი ეროვნული ენერგია უნდა მივმართოთ იმისკენ, რომ ვერავინ შეძლოს ჩვენი სულიერების ხელყოფა, რაც უნდა დიდი მიზეზი ჰქონდეს, ხოლო თუ აქვთ სურვილი გაითვალისწინონ ან პატივი მიაგონ ჩვენს ურთიერთობებს უნდა იცოდნენ, ჩვენ შევქმენით დავით გარეჯა და იმიტომ ვართ ქართველები, მართლმადიდებლები, რომ არავისთვის დათმობას არ ვაპირებთ. არ ვაპირებდით 1918 წელსაც, როდესაც დავით გარეჯადან მამა გერმაგენე იტყობინებოდა: „აზერბაიჯანელმა მწყემსებმა, რომლებიც ცხვარს ყარაიას (რუსთავის) ველზე აძოვებდნენ, ზამთრის სადგომად მოითხოვეს, საუკუნეების განმავლობაში რუდუნებით ნაგები და მოხატული დავით გარეჯას და უდაბნოს სამონასტრო კომპლექსები. თავს დაესხნენ ლავრას, გაძარცვეს მონასტრები, გაანადგურეს ჯვარ-ხატები და გადაწვეს იქაურობა, წერაქვით დაშალეს ნაგებობები“, ასეა აღწერილი ვანდალური ქმედება რომელიც გაგრძელდა შემდგომ წლებში. („დავით გარეჯის უდაბნოს აკლება’’ 1918წ. გაზეთი „საქართველო’’ 2, 4 იანვარი)
1922 წლის 28 იანვრიდან, ყოველი წესის დარღვევით, საბჭოთა საქართველოს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ მორიგი ანტიქართული აქტი ჩაიდინა. მან სპეციალური დადგენილებით როგორც საძოვარი და არა როგორც კულტურის ძეგლი, დავით გარეჯაში ბერთუბანი და უდაბნოს მონასტრების ტრიტორიები აზერბაიჯანის სსრ-ს სარგებლობაში გადასცა საძოვრებად. ინტერნაციონალ ათეისტთათვის რელიგია და მორწმუნეთა მრწამსი არაფერს არ წარმოადგენდა. მათთვის საქართველო ჯერ კიდევ საბჭოეთის მოწინააღმდეგედ აღიქმებოდა, ხოლო „მშრომელი მწყემსი“ ბოლშევიკთა მოკავშირედ.
1921 წლიდან საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა და იგი ქართველმა ბოლშევიკებმა შეიყვანეს ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტურ ფედერაციულ რესპუბლიკაში, სადაც დაიწყო ანტირელიგიური რეპრესიები, ხოლო შიდა საზღვრების ცნება ნომინალური იყო და როგორც ზევით ვნახეთ, მიწის გამიჯვნა ემსახურებოდა მხოლოდ „მშრომელთა მასების“ ინტერესებს. ამიტომ 1923 წლის 30 აპრილის დადგენილებით ელდარის სტეპი, რომლიც წინა პერიოდში ეკუთვნოდა და სარგებლობდნენ ქართველები, გადაეცა აზერბაიჯანს „შრომითი გამოყენების პრინციპით“ და მიემაგრა აზერბაიჯანს საძოვრებად, ამით ადმინისტრაციულმა საზღვარმა დავით გარეჯისკენ გადმოინაცვლა.
1925 წლის 17 ოქტომბერს თბილისში ჩატარდა საქართველოსა და აზერბაიჯანის სსრ-ს მიწათმოქმოწყობის კომისრების ა. გეგეჭკორის და ი. ბუნიათ-ზადეს შეხვედრა. სიღნაღისა და ზაქათალის მაზრების (უეზდების) საზღვრის სადავო მონაკვეთების თაობაზე და გადაწყდა: აღმოსავლეთით საზღვარი ალაზანზე განისაზღვრა, ხოლო გარეჯას მიმდებარე საძოვრები „ შრომითი გამოყენების პრინციპით“ მიემაგრა აზერბაიჯანს. მიუხედავად ამისა ქართველები სხვადასხვა ფორმით ვეწინააღმდეგებოდით ასეთ უსამართლო გადაწყვეტილებას და 1925 წლის 6 ოქტომბრის დადგენილებით დავით გარეჯას მონასტრის კულტურის ძეგლების დაცვა დაევალა საქართველოს სსრ-ს. თბილისის მაზრის აღმასკომმა გამოყო შეიარაღებული მცველების საშტატო ერთეულები, რათა წინ აღდგომოდნენ აზერბაიჯანელი მწყემსების ვანდალურ ქმედებებს. მოხდა რამდენიმე შეტაკება ძეგლის მცველებსა და მწყემსებს შორის, რომლებიც ცდილობდნენ ზამთრის სადგომებად გამოეყენებინათ სამონასტრო ნაგებობები. 1926 წლის იანვარში ეს კონფლიქტური (საომარი) სიტუაცია განხილული იქნა „ზაკკრაიკომის“ სხდომაზე, რომელმაც ისევ უსამართლოდ ძალაში დატოვა 1922 წლის ხელშეკრულება „საძოვრების გამოყენების შესახებ.’’ („საქართველოს ტერიტორიის საზღვრების შესახებ’’, პ.ინგოროყვა. „სარანგი’’თბ. 1990 წ. გვ.13-15 )
მხოლოდ XX საუკუნის 80-იან წლებში ქართული მხარის მიერ, საქართველოში ეროვნული მოძრობის აღზევების დროს, კვლავ დადგა საკითხი დავით გარეჯას შესახებ. იმ დროს საქართველოს ხელისუფლებამ ჯუმბერ პატიაშვილის თაოსნობით დაიკავა პრინციპული პოზიცია. რის შემდეგაც შემუშავდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის პროექტი ტერიტორიების გაცვლის თაობაზე. ქართულ მხარეს უნდა გადმოცემოდა გარკვეული მიწის მონაკვეთი, ბერთუბნით. იგივე ფართობი მონაცვლეობის პრინციპით გადაეცემოდა აზერბაიჯანს, მაგრამ საბჭოთა კავშირში პოლიტიკური ვითარების გაუარესების გამო ეს საკითხი აღარ განხილულა ვიდრე 1996 წლამდე(რ.მეტრეველი „დავით გარაჯი ოდითგანვე საქართველო იყო’’საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. 2020 წ. 19 ოქტომბერი)
დღევანდელ რეალობამდე ჩვენ მიგვიყვანა ისტორიულმა უკუღმართობამ, მრუდე პოლიტიკურმა ვითარებამ და ანგარების მომლოდინე ადამიანთა სუბიექტურმა პოზიციამ. მიუხედავად ამისა, თუნდაც ის, რომ ჩვენ ვიცით სრული ისტორია და ვიცით როგორ მივედით აქამდე, ეს ფაქტი გვაძლევს იმედის საფუძველს, რომ შევძლებთ ემოციების გარეშე, სრულ აკადემიურ ვითარებაში შევქმნათ პირობები დავით გარეჯას საკითხის გადასაწყვეტად ისტორიული სამართლიანობის ჭრილში.
ჩვენი, რუსთავის ჩოხოსანთა სადროშოს პოზიცია, ყოველთვის იყო და არის- აღდგეს ისტორიული სამართლიანობა, არა კონფრონტაციის გაღვივებით, არამედ მშვიდობიანი, სამართლებრივი, ურთიერთმეგობრობის ინტერესებიდან გამომდინარე, ვინაიდან დავით გარეჯა არის ქართველი ერის ისტორიული, სარწმუნოებრივი და კულტურული იდენტობის ნაწილი.
სახელმწიფო საზღვრის დამდგენი მთავარი იურიდიული დოკუმენტი დღემდე არის 1996 წ. 13 ივნისის ოქმი, რომელიც ორივე ქვეყნის მიერაა აღიარებული და მასზე ხელი აქვს მოწერილი საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების მიერ დადგენილ სახელმწიფო კომისიების უფლებამოსილ პირებს. აღნიშნულ დოკუმენტში მკაფიოდაა განსაზღვრული, რომ ქვეყნებს შორის სახელმწიფოთა საზღვარი უნდა გაივლოს 1938 წ. მდგომარეობით, ხოლო 1938 წ. სასაზღვრო მდგომარეობის დამდგენ უპირატეს და ლეგიტიმურ კარტოგრაფიულ მასალას წარმოადგენს 1937-38 წლებში დაბეჭდილი 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა. ამას ამტკიცებს საქართველოს ყველა პროფესიონალი კარტოგრაფი, რომელთაც შესაბამისი სამეცნიერო უფლებამოსილება და კომპეტენცია აქვთ.
ქართველები მეზობელ ერებთან საუკუნეებია თანავცხოვრობთ, ისტორიის მანძილზე ჩვენ შორის დაპირისპირება და ომებიც ყოფილა და ძმური, მეგობრული ურთიერთობებიც, მაგრამ ერთმანეთთან ყოველთვის ვპოულობდით სარეთო ენას და ყოველი რთული ვითარებიდან რაციონალურ გამოსავალს. ასე იქცეოდნენ ჩვენი წინაპრები, ასე უნდა მოვიქცეთ ჩვენც, ვინაიდან სამართლებრივ, მეგობრულ, სამართლიან, კეთილმეზობლურ თანაცხოვრებას ალტერნატივა არ გააჩნია.
საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების რუსთავის სადროშო
09 მარტი 2021