• შემოგვიერთდით
მდინარე იორდანეზე კულტურის ცენტრის კონცეფციაზე მუშაობა იწყება

   2022 წლის 7 ივნისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მდინარე იორდანეზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, ქართული კულტურის ცენტრის დაარსებასა და მშენებლობასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვისა და ორგანიზებისათვის შექმნილი სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.
  სამთავრობო კომისიას პირადად ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
სამთავრობო კომისიის მუშაობაში, მთავრობის წევრებთან ერთად, აქტიურად არიან ჩართული საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები.
  პირველ შეხვედრას საქართველოს ეკლესიის მხრიდან ესწრებოდნენ აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე) და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
  სხდომაზე გადაწყდა, რომ კომისიის ფარგლებში ჩამოყალიბდება მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მდინარე იორდანეზე კულტურის ცენტრის კონცეფციაზე იმუშავებს.
  ამასთან, პრემიერ-მინისტრის თქმით, კონცეფციაზე მუშაობა უმოკლეს ვადაში უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც ქართული კულტურის ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.
  ფოტო: საქართველოს მთავრობა  07.06.22

წყარო: საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

08 ივნისი 2022