• შემოგვიერთდით
რატომ არის მნიშვნელოვანი მოვლენა წმინდა მიწაზე, მიწის ნაკვეთის გადმოცემა, წმინდა მიწაზე კვლავ ფეხის მოკიდება?

რატომ არის მნიშვნელოვანი მოვლენა წმინდა მიწაზე, მიწის ნაკვეთის გადმოცემა, წმინდა მიწაზე კვლავ ფეხის მოკიდება?
პირველ ქართველ პილიგრიმად და იერუსალიმის ქართული კოლონიის დამფუძნებლად ქართველი უფლისწული, საეკლესიო პირი და ფილოსოფოსი, მაიუმის ეპისკოპოსი პეტრე იბერი (412-491) ითვლება. მის მიერ დაფუძნებული პირველი ქართული (ლაზთა) მონასტრის ნანგრევები, უძველესი ქართული წარწერებითურთ, იტალიელი არქეოლოგის ვირჯილიო კორბოს მიერ არის აღმოჩენილი ბეთლემის უდაბნოში.
პეტრემ ააგო ქართული მონასტერი იერუსალიმშიც, სიონის მთაზე.
V საუკუნიდან XVIII საუკუნემდე ქართული კოლონია ერთ-ერთი უძლიერესი იყო იერუსალიმში. ქართველები პალესტინაში 19 მონასტერსა და ეკლესიას ფლობდნენ.
ქართული კულტურის, სულიერებისა და მწერლობის უმნიშვნელოვანესი ცენტრი, VIII-X საუკუნეებში იყო საბას ლავრა, სადაც მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი მწიგნობრები.
აქ უნდა იყოს შესრულებული IX საუკუნეში ქართული ოთხთავის საბაწმინდური რედაქცია, რომელიც იხსენიება წმ.გიორგი მთაწმინდლის ცნობილ ანდერძში.
წმ.საბა განწმენდილის ანდერძიდან ჩანს, რომ ქართველებს ლავრაში თავისი ეკლესია ჰქონიათ და ღვთისმსახურებას ქართულ ენაზე აღავლენდნენ.
საბაწმიდის სახელგანთქმულ ლავრაში IX საუკუნეში რამდენიმე წლის განმავლობაში მოსაგრეობდა წმ.ილარიონ ქართველი, XI საუკუნეში კი - წმ.გიორგი - პროხორე, ჯვრის მონასტრის აღმაშენებელი.
X-XI საუკუნეებში ბევრი ქართველი მწიგნობარი ბერი მოღვაწეობდა პალავრაში - ხარიტონის ლავრაში, რომელიც ასევე იერუსალიმთან ახლოს მდებარეობს. ასევე ქართველი დედები მოღვაწეობდნენ იერუსალიმის დედათა მონასტერში.
განსაკუთრებული ადგილი ქართველების საქმიანობაში ჯვრის მონასტერს უკავია. ჯვრის მონასტრის აღორძინება და მისი ქართული სამონასტრო და კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრების უდიდეს კერად გადაქცევა დაკავშირებულია დავითისა და თამარის ეპოქასთან (XI-XIII სს).
ძლიერი საქართველოს პერიოდშივე შეიქმნა გელათისა და იყალთოს აკადემიები, რომლებიც საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური აზროვნების აღიარებულ კერებად იქცა.
ბაგრატ IV კურაპალატის დროს, 1030-1060 წლებში, ჯვრის მონასტერი აღადგინა წმინდა მამამ, პროხორე ქართველმა (გიორგი შავთელმა), რომელიც იყო დიდი ქართველი განმანათლებელი და ექვთიმე ათონელის მოწაფე. ამავე პერიოდს უკავშირდება აქ უდიდესი წიგნსაცავის შექმნაც.
საქართველოს დასუსტებასთან ერთად სუსტდებოდა მისი პოზიციებიც წმინდა მიწაზე.
1273 წელს, მამლუქი სულთნების დროს, ჯვრის მონასტერი მეჩეთად გადაკეთდა და ქართველი ბერები მონასტრიდან გააძევეს. მონასტრის წინამძღვარი, "ჯვრის მამა", წმ.ლუკა იერუსალიმელი, აწამეს და თავი მოჰკვეთეს. 1314 წელს დამასკოში ეწამა ჯვრის მონასტრის ბერი, წმ.ნიკოლოზ დვალი.
ჯვაროსნების გაძევების შემდეგ კი მხოლოდ ქართველებს მიეცათ უფლება-დაეცვათ უფლის საფლავი. ამაზე დიდი პატივი ერს არ ღირსებია. ათწლეულების მანძილზე მხოლოდ ქართველი ბერები რჩებოდნენ ღამე უფლის საფლავის ტაძარში, მხოლოდ ქართველები აღავლენდნენ წირვა-ლოცვას უფლის საფლავზე, მათ ეპყრათ უფლის საფლავის სამლოცველოს გასაღები და ეკუთვნოდათ გოლგოთა.
1454 წელს ბიზანტიის დაცემით ქრისტიანთა და მათ შორის - ქართველთა მდგომარეობა გაუარესდა, თუმცა 1525 წელს აღდგა ქართველთა უფლება გოლგოთაზე, ბეთლემსა და ჯვრის მონასტერზე.
მომდევნო პერიოდში მაღალი გადასახადების გამო, იერუსალიმის ბერძენმა პატრიარქებმაც კი პატრიარქის რეზიდენცია კონსტანტინპოლში გადაიტანეს და კონსტანტინოპოლის პატრიარქს შეეკედლნენ. სომხებს იერუსალიმში თავიანთი დიასპორა ჰქონდათ, ისინი სომხურ-მონოფიზიტურ ეკლესიას ეხმარებოდნენ და ამიტომ გადასახადების გადახდა შეძლეს. ლათინებსა და ბერძენ მართლმადიდებლებს როგორც მათი ადგილობრივი მრევლი, ასევე რომი და კონსტანტინოპოლის ეპარქია ეხმარებოდა. ქართველ ბერებს მხოლოდ სამშობლოდან დახმარების იმედი ჰქონდათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ ხერხდებოდა დახმარების გაწევა ქართველი ბერებისთვის. ამიტომ იერუსალიმელი ქართველები თანდათან იძულებულნი გახდნენ, მონასტრებისა და ეკლესიების ქონება დაეგირავებინათ. ეს ქონება საუკუნეების მანძილზე მთლიანად ბერძნების, სომხებისა და ლათინების ხელში გადავიდა. რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს მიერთებას, ქართული სახელმწიფოებრიობისა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებას შედეგად მოჰყვა იერუსალიმთან კავშირის გაწყვეტა და წმინდა მიწაზე არსებული ქართული სავანეების საბოლოოდ დაკარგვა. უფლის წყალობით, დღეს ამ კავშირების თანდათანობითი აღდგენა ხდება.
იორდანიაში მიწის გადმოცემა ნამდვილად არის ისტორიული ნაბიჯი და საწინდარი ჩვენი კულტურული კვალის აღდგენისა და გაგრძელებისა, სულიერი და კულტურული თვალსაზრისით ასეთ მნიშვნელოვან რეგიონში. (წყარო - დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის გვერდი)
წყარო: http://saunje.ge/index.php?id=1139&lang=ru&fbclid=IwAR2ah6aQY0MSn0HDlle-i44LM85TMYY8ChKeOEPkNqtYTEqpj7OeQ3REviA

03 ივნისი 2022