• შემოგვიერთდით
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, შიოს (მუჯირის) ქადაგება ქალწულ ნინოს საქართველოში შემობრძანების დღეს

  „წმინდა ნინო იყო ჭეშმარიტად ბრძენი ქალწული, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე შესწირა... ლოცვას ჩვენს სამშობლოზე, ჩვენს ერზე, ქართველთა მოქცევას შესწირა სიცოცხლე…

  უნდა ვიზრუნოთ, რომ ამაოებაში კი არ დავხარჯოთ ჩვენი დარჩენილი დრო... არამედ იმისთვის, რომ ჩვენი სულის ლამპრები იყოს ანთებული, როგორც წმინდა ნინოსი... შეგვეწიოს ჩვენ წმინდა მოციქულთა სწორი, ქართველთა განმანათლებელი, ქალწული ნინო...“

  საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება აღდგომის დღესასწაულის წარგზავნისა და წმინდისა დედისა ჩვენისა, მოციქულთა სწორის, ქალწულ ნინოს საქართველოში შემობრძანების დღეს

  „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!
  ჩვენთან არს ღმერთი!

  ყოვლად უსამღვდელოესო მეუფეო, პატიოსანო მამანო, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს.

  დღეს გახლავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წარგზავნა და ხსენება მოციქულთა სწორისა, ქართველთა განმანათლებლისა, ქალწულისა ნინოსი, მისი საქართველოში შემობრძანების დღე. გილოცავთ ამ დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას, შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მისი ლოცვა.

  წმინდა ნინოს ხსენებასთან დაკავშირებით წმინდა ეკლესია დღეს გვიკითხავს სახარებიდან იგავს ათი ქალწულის შესახებ, რომელთაგან ხუთი იყო ბრძენი, ხოლო ხუთი - სულელი. იმიტომ არის ეს სახარება გამორჩეული, რომ წმინდა ნინო იყო ჭეშმარიტად ბრძენი ქალწული, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე შესწირა, ერთი მხრივ, თავის სულის გადარჩენასა და თავის სულზე ზრუნვას, მეორე მხრივ, ლოცვას ჩვენს სამშობლოზე, ჩვენს ერზე, ქართველთა მოქცევას შესწირა სიცოცხლე; მან იმდენად შეიყვარა ღმერთი, იმდენად ეტრფოდა იგი კვართს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომ აი, უფალმა მას ეს სიბრძნე მისცა. ასეთი საოცარი ნაყოფი გამოიღო, რომ, შეიძლება ითქვას, ბავშვი იყო იმჟამად და აი, მას შემდეგ მთელი ჩვენი ერი მოექცა სარწმუნოებზე, მას შემდეგ ჩვენ, ყველა, ვართ ერთგული ჩვენი სარწმუნოებისა.

  აი, ამ იგავში საუბარია ქალწულებზე. სახარება მოგვითხრობს, რომ ამ ქალწულებმა ხელში აიღეს ლამპრები და ეგებებოდნენ სიძეს, უნდა შესულიყვნენ ქორწილში. ხუთი მათგანი იყო სულელი, ხოლო ხუთი - ბრძენი. ეს ლამპრის ზეთი ამ იგავში განიმარტება, როგორც კეთილი თვისებები, სათნოებანი. ასევე განიმარტება, როგორც სულიწმიდის მადლი. ესეც შეიძლება განმარტება, იმიტომ რომ სულიწმიდის მადლის გარეშე ვერცერთ სიკეთეს და სათნოებას ადამიანი ვერ იქმს. თუ რაიმე სიკეთეს ფიქრობს, რომ აკეთებს სულიწმიდის გარეშე, სინამდვილეში, ეს ღვთისთვის სათნო სიკეთე არ იქნება, იმიტომ რომ მიზანი შეიძლება იყოს სულ სხვა, მაგალითად, ადამიანის განდიდება ან სხვადასხვა მიზანდასახულობა, რომელთა შედეგადაც სულიერ ნაყოფს ადამიანი ვერ გამოიღებს.

  ქალწულები - ეს არის ყველა ადამიანი, მთელი კაცობრიობა. ქალწული შეიძლება იყოს გონიერი. ე.ი. გონიერში იგულისხმება წინდახედული, და უგუნური - ე.ი. წინდაუხედავი ადამიანი. რა არის ლამპარი ამ იგავში? ლამპარი არის ადამიანის გული, რომელიც ასევე შეიძლება იყოს სავსე ამ მადლით ან სავსე ვნებებითა და უკეთურებით. ვინ არის სიძე, რომელსაც ელიან ეს ქალწულები? სიძე გახლავთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელმაც შექმნა ადამიანი, რომელმაც სიცოცხლე გაიღო ჩვენს გადასარჩენად, იმდენად უყვარს მას ადამიანის სული, რომ აი, როგორც გახსოვთ, ძველ აღთქმაშიც იყო ასეთი ხატოვანი ფორმა ღმერთისა და სულის ურთიერთობის შესახებ, როგორც მეფე-პატარძლის სიყვარულის შესახებ. სოლომონ მეფეს აქვს შესანიშნავი წიგნი „ქებათა ქება“. იქაც არის ეს გადმოცემული, ეს სიყვარული ღვთისა ადამიანის სულისადმი.

  ამრიგად, აი, ამ იგავში გადმოცემულია შეხვედრა ღმერთთან ადამიანის სულისა, შეხვედრა, რომელიც ყოველ ჩვენგანს მოუწევს გარდაცვალების შემდეგ. ნაწილი ჩვენგანი წარდგება ღვთის წინაშე სავსე მადლით, ხოლო ნაწილი ჩვენგანი წარდგება ჩამქრალი ლამპრებით, როგორც აქ არის ნახსენები. და აი, ამ სულელ ქალწულებს უფალი ეტყვის, რომ „ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ, რომ არ გიცნობთ მე თქვენ“. თითქოს ესენიც მორწმუნენი იყვნენ, ესენიც მიდიან შესაგებებლად, მაგრამ უფალი ეტყვის: „არ გიცნობთ!“ რას ნიშნავს ეს? როგორ შეიძლება, რომ ყოვლისმცოდნე უფალმა ვინმე ან რაიმე არ იცოდეს? როგორ ვიცნობთ ჩვენ ადამიანს, საერთოდ? გამოთქმაც კი არის ჩვენში - „თითქოს ჩემს გულში იჯდაო“. ე.ი. ადამიანი რომ შეიცნო, უნდა იცოდე, რას ფიქრობს, რას გრძნობს, რა სტკივა მას. და როგორ შეიცნობს უფალი ადამიანის სულს? „არ გიცნობთ თქვენ“ - რას ნიშნავს? იმას, რომ სულიწმიდის მადლი არ არის თქვენში, სულიწმიდის მადლი როცა შემოდის ჩვენში, მხოლოდ მაშინ გვიცნობს ჩვენ უფალი და მაშინ ვიცნობთ ჩვენ მას. „არ გიცნობთ მე თქვენ“ - ნიშნავს, რომ ჩემი მადლი არ არის თქვენში, ამიტომ სასუფევლის კარი იხურება. ესეც იგავური ფორმაა. სინამდვილეში, სასუფევლის კარი კი არ იხურება, არამედ ჩვენი გული იხურება. ჩვენ ვხურავთ ჩვენს გულს აი, ამ მადლის წინაშე.

  აი, ასეთი სახარებაა, ძვირფასო ძმებო და დებო. ის გვაფიქრებს იმაზე, რომ ჩვენი მარადიული ცხოვრება დამოკიდებულია იმაზე, როგორ ვიცხოვრეთ ჩვენ, როგორ შევასრულეთ უფლის მცნებები, როგორ ვლოცულობდით, როგორ ვეზიარებოდით, როგორ გვიყვარდა ქრისტე, რა არის ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი - მატერიალური და ხორციელი ცხოვრება, თუ სულიერი ცხოვრება.

  ამასთან დაკავშირებით წმინდა ბასილი დიდს აქვს შესანიშნავი სწავლება. იგი მსჯელობს ამ იგავის თაობაზე და ამბობს: „აი, წარმოიდგინე, რომ შენ გყავს ორი ქალიშვილი, რომელთაგან ერთი არის მიწიერი სიცოცხლე, მეორე კი - სულიერი, ზეციური ცხოვრება შენი. ეს მეორე, სულიერი, გამზადებულია პატარძლად სიძისთვის, ქრისტესთვის. თუ არ გინდა, რომ ამ საუკეთესოს, რომელიც პატარძალია, დაუთმო მთელი შენი ცხოვრება, ის მაინც გააკეთე, რომ ნახევარ-ნახევარი გაუნაწილო შენი ყურადღებისა, შენი შრომისა, შენი ზრუნვისა. რატომ? იმიტომ, რომ როდესაც შენ წარდგები სიძის წინაშე, ისე არ მოხდეს, რომ ეს მიწიერი ცხოვრება იყოს გამდიდრებული, გაზულუქებული და კმაყოფილი, შენ მიერ მოვლილი, ხოლო პატარძალი უფლისა, რომელიც არის სულიერი ცხოვრება, იყოს მოუმზადებელი, იყოს დაძონძილი, იყოს დაბეჩავებული. შენ როცა წარდგები სიძის წინაშე, იგი, ამის შემხედველი, რა თქმა უნდა, უარს იტყვის ასეთ პატარძალზე, მასთან ურთიერთობაზე და ამიტომ წარუდგინე ის პატარძალი ქრისტეს ქორწილისთვის შესაფერისი შესამოსლით“, - წერს ბასილი დიდი, - „რომ განუმზადო ქორწილის ჟამისთვის სიძეს, უფალსა ჩვენს იესო ქრისტეს, რომ აი, ამ ქალწულმა, შენმა სულმა, ბრძენ ქალწულებთან ერთად დაანთოს ეს ლამპარი სულიერი მადლის ცეცხლითა და სათნოებათა ზეთით, რომელიც ულევი უნდა იყოს, რომ მასზე აღსრულდეს ის სიტყვები, რომელიც თქვა დავით წინასწარმეტყველმა, მეფსალმუნემ, რომ „დადგა დედოფალი მარჯვნით შენსა, შემოსილი სამოსლითა ოქროქსოვილითა და გულმან უთქვას მეუფესა სიკეთისა შენისა“. „გულმან უთქვას“ ნიშნავს, რომ მეფე დატკბება შენი მშვენიერებით. აი, ასეთი საოცარი სიტყვებია.

  დაბოლოს, ამ სახარებაში უფალი ბრძანებს, რომ „ამიტომ იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით არც დღე და არც ჟამი, როდესაც მოვა ძე კაცისა“, იმიტომ რომ ხანმოკლეა ეს ჩვენი სიცოცხლე. ამიტომ ამაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ ამაოებაში კი არ დავხარჯოთ ეს ჩვენი დარჩენილი დრო, ვისაც რამდენი აქვს დარჩენილი, არამედ იმისთვის, რომ ჩვენი სულის ლამპრები იყოს ანთებული, როგორც წმინდა ნინოსი, რაშიც შეგვეწიოს ჩვენ წმინდა მოციქულთა სწორი, ქართველთა განმანათლებელი, ქალწული ნინო და მისი ლოცვებით, ღმერთმა დაიფაროს, გადაარჩინოს, გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ!

  ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა!“

  თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარი
  1 ივნისი, 2022 წელი

  ელექტრონული ვერსია მოამზადა თამარ ასათიანმა

  ფოტო: ნინო სოზაშვილი ნაკლების ნახვა
 
 
 

01 ივნისი 2022