საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
„ეს არის ყველა ქართველისთვის საოცნებო დღე... აქ ქართული კულტურის ცენტრი აშენდება“
წელს, ნათლისღების დღესასწაულზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში ბრძანა, რომ ,,მისი უდიდებულესობა იორდანიის მეფე აბდულა II-ისა და მისი უმაღლესობა პრინც ღაზის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ“.
მისივე თქმით, ,,ყველა ქართველისთვის სასიხარულო მოვლენა შესაძლებელი გახდა საერო და სასულიერო ხელისუფალთა ერთიანი ძალისხმევის შედეგად. ფასდაუდებელი იყო ჩვენი ძვირფასი პატრიარქის, მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჩართულობა, მისი დიდი საერთაშორისო ავტორიტეტი.“
ამა წლის 28-29 მაისს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საერო და სასულიერო პირთა დელეგაცია იმყოფებოდა იორდანიის სამეფოში და მათ მთავრობის, მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადეს იორდანიის მეფე აბდულა II-ს, პრინც ღაზის, იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე III-ს, იორდანიის მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოსსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ისტორიული გადაწყვეტილების მიღებაში.
მადლიერების ნიშნად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის მეფე აბდულა II-ს ოქროს საწმისის ორდენი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისასალმებელი სიტყვა გადასცა.
საქართველოს საკუთრებაში არსებული 4000 კვადრატული მეტრი მიწა მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, მდინარე იორდანესთან 15-20 მეტრის მანძილზეა. სწორედ ამ ადგილზე პრემიერმა საზეიმოდ გახსნა მემორიალური ქვა, რომელზეც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერებია.
დელეგაცია მდინარე იორდანეს სანაპიროზეც იმყოფებოდა და პრინც ღაზისთან ერთად მოინახულა ადგილები, სადაც იოანე ნათლისმცემელი ცხოვრობდა და სადაც მაცხოვარი მოინათლა.
თავის მისასალმებელ სიტყვაში მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებულად აღნიშნა პრინც ღაზის, ასევე იერუსალიმის პატრიარქისა და იორდანიის მთავარეპისკოპოსის როლი საქართველოსთვის მიწის გადაცემის გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
მისი თქმით, უდიდესი ისტორიული მოვლენაა, რომ საერო და სასულიერო ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, 300 წლის შემდეგ საქართველო წმინდა მიწას უბრუნდება:
„დღეს ისტორიული დღეა. დღეს ჩვენ ოფიციალურად გადმოგვეცა მიწა, სადაც აშენდება ქართული კულტურის ცენტრი. ეს არის ყველა ქართველისთვის ალბათ საოცნებო დღე, ვინაიდან ქართველები, 300 წლის შემდეგ ვბრუნდებით წმინდა მიწაზე... ამ საქმეში ფასდაუდებელი წვლილი აქვს მეფე აბდალა II-ს, პრინც ღაზის, ასევე იერუსალიმის პატრიარქს, ჩვენს პატრიარქს, ჩვენს მთავრობას. ჩვენ ყველამ ერთად ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ეს ისტორიული ფაქტი დამდგარიყო დღეს და ჩვენ ყველანი ვართ ამის მომსწრენი. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა ქართველს, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ამ მნიშვნელოვან მოვლენას“, - ბრძანა პრემიერმა.
თავის მხრივ, მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა საქართველოს დელეგაციის წევრმა, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ:
„პირველ რიგში, ვულოცავ ყველას, მთელ საქართველოს. ემოციურად ეს ძალიან სასიხარულო დღეა, ფაქტია სასიხარულო. ისტორიულად ეს არის გაგრძელება ჩვენი წმინდა მიწაზე მოღვაწეობისა“.
დეკანოზ ანდრიას თქმით, ეს იქნება ერთ-ერთი რგოლი ამ ჯაჭვში, რომელიც საქართველოს აკავშირებს წმინდა მიწასთან.
„ყველაზე მნიშვნელოვანი არის თავად ფაქტი, რაც მოხდა და რაშიც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ბევრ ადამიანს, ვინც საქართველოსადმი კეთილგანწყობილია, იორდანიის მეფეს, პრინც ღაზის, იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე III-სა და, რა თქმა უნდა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, ზოგადად, ჩვენს ეკლესიას.
ამას ექნება ძალიან კეთილი გაგრძელება. სახლი, რომელიც აშენდება, იქნება წარმომადგენლობითი. ის წარმოადგენს საუკუნეების განმავლობაში საქართველოს, ქართველი სასულიერო პირების აქ მოღვაწეობას, იმ სასულიერო კერებს, რომლებიც წმინდა მიწაზე არსებობდა. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება თავისთავად ამ სახლის არსებობას და მის შემდგომ ფუნქციონირებას.
შესანიშნავი ადგილია... ვფიქრობ, ეს ყველასთვის ძალიან სასიხარულოა და აქ მოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
რა თქმა უნდა, დიდია პრემიერის როლი ამ საქმეში. ჩვენ ვიცით, რომ ასეთი მარტივი თემა არ არის მიწის გადმოცემა წმინდა მიწაზე საქართველოსთვის. ბოლო პერიოდში თუ გადავავლებთ თვალი ჩვენს ისტორიას, ტერიტორიებს უფრო ვკარგავდით, ვიდრე ვიმატებდით. დაე, იყოს ეს საწინდარი იმისა, რომ საქართველომ თავისი ტერიტორიები დაიბრუნოს და, ზოგადად, შევიძინოთ ის, რაც, საბოლოო ჯამში, სულიერ შედეგს მოგვიტანს“, - დასძინა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა ლოცვა-კურთხევით, ხელისუფლების მიერ 4000კვ.მ.-ზე მოეწყობა ქართველთა კულტურული ცენტრი. იგი იქნება ქართველებისთვის ჩვენს დროში პირველი ოფიციალურად გადმოცემული ადგილი წმინდა მიწაზე. აქ გამოიფინება არქივებსა და ისტორიულ წყაროებში დაცული და წმინდა მიწასთან დაკავშირებული მასალების ასლები და შეიქმნება სათანადო გარემო როგორც ჩვენი მომლოცველებისთვის, ისე ისრაელსა და იორდანიაში მყოფი ქართველებისთვის.
წყარო: საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 30.05.22
30 მაისი 2022