საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
2022 წლის 25 მაისს გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელსა და რომის სასულიერო მუსიკის პონტიფიკალურ ინსტიტუტს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებას ესწრებოდნენ: რომის სასულიერო მუსიკის პონტიფიკალურ ინსტიტუტის რექტორი, მაესტრო მონსინიორ ვინჩენცო დე გრეგორიო, წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ბიზნესმენი და მეცენატი, ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებელი ივანე ჩხარტიშვილი, გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნანა გოთუა, გალობის უნივერსიტეტის დეკანი თამარ ჩხეიძე, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე და ანსამბლ „ბასიანის“ წევრები.
მემორანდუმის გაფორმებისას მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ: მაესტრო მონსინიორ ვინჩენცო დე გრეგორიო, საქართველოს ელჩი ვატიკანში ქეთევან ბაგრატიონ მუხრანბატონი, საქართველოს განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნანა გოთუა.
გალობის უნივერსიტეტის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა სასწავლებლის დეკანმა თამარ ჩხეიძემ.
მემორანდუმის გაფორმების ოფიციალური ნაწილის შემდეგ რომის სასულიერო მუსიკის პონტიფიკალური ინსტიტუტის კაპელაში გაიმართა საორგანო და ქართული საეკლესიო მუსიკის კონცერტი, სადაც ანსამბლ „ბასიანის“ წევრებმა ქართულ საგალობლები შეასრულეს.
საგულისხმოა, რომ ორივე ინსტიტუტი საუნივერსიტეტო დონისაა და ავრცელებს ფუნდამენტურ, ზოგად მუსიკალურ სწავლებას სასულიერო მუსიკის სპეციალიზირებულ მიმართულებაზე. აქედან გამომდინარე, სასწავლებლები ითანამშრომლებენ სპეციალიზებული სასწავლო კურსების ორგანიზების მიმართულებით, მათ შორის, ეს იქნება სემინარები, კონცერტები, მასტერკლასები, კონფერენციები და სწავლებები.
მნიშვნელოვანია ასევე, რომ განხორციელდება ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტები და დაიგეგმება აკადემიური პერსონალის მობილობა მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.
ორი ინსტიტუტი ერთმანეთთან შეათანხმებს აკადემიურ კურსებთან დაკავშირებული სწავლებისა და დიდაქტიკის წარმოების ინიციატივებს იმ სასწავლო კურსების საფუძველზე, რომლებიც თითოეულ ინსტიტუტს აქვს.
ეს დღე იქნება ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისი ორივე უნივერსიტეტის ისტორიაში, რაც დიდ წვლილს შეიტანს სასწავლებლების განვითარებასა და ქართული ტრადიციული მუსიკის შესწავლის საქმეში.
გალობის უნივერსიტეტსა და რომის სასულიერო მუსიკის პონტიფიკალურ ინსტიტუტს შორის დადებული მემორანდუმი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ორ ქვეყანას შორის კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობების გაღრმავებაში. (წყარო - საპატრიარქოს საზოგადებასთან ურთიერთობის სამსახური)
29 მაისი 2022