• შემოგვიერთდით
წმინდა კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი აღმსარებლის (ხელაია) სიტყვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს

„თავისუფალო სამშობლოვ, ნუ შეგეშინდება ცხოვრების ტალღების...აღვიჭურნეთ სარწმუნოებით და ღვთისადმი სასოებით და ამას შეუერთოთ თავგანწირული სიყვარული სამშობლოსადმი!“
  წმინდა კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი აღმსარებლის (ხელაია) სიტყვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
  „მოგილოცავთ ამ დიდ და დიდმნიშვნელოვან დღეს საქართველოს განთავისუფლება-გათვითცნობიერებისას, მის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადებისას. ეს დღე სასიხარულოა ყველა ერთგული მამულისშვილისათვის; მათთან ერთად მშობლიური დედაეკლესიაც ხარობს, ვინაითგან ის მომხრეა თავისუფლებისა, მანაც ბრძოლით მოიპოვა ეს თავისუფლება ერის თავისუფლებაზე ადრე; ხარობს, რომ ეკლესიური თავისუფლება დაედვა საფუძვლად სახელმწიფოებრივი თავისუფლებას.
  ეს გარემოება გვეუბნება, რომ ჩვენი ეკლესია არ არის ღირსი დევნისა... ჩვენში ეკლესიის თავისუფლებას მოყვა ერის თავისუფლება და დედა-ეკლესიაც თავის შვილთ უგზავნის ლოცვა-კურთხევას, ულოცავს თავისუფალ განვითარების გზას.
  საქართველოს ისტორია გვიმტკიცებს, რომ ეკლესიამ დიდი ამაგი დასდო ჩვენს სამშობლოს, იხსნა ის გადაგვარება-განადგურებისაგან; მრავალი საუკუნოების განმავლობაში აუარებელ მძლავრ მტრების წინააღმდეგ ბრძოლის დროს სარწმუნოება ამაგრებდა და აძლევდა სიმხნეს ქართველ ერს და ეს მრავალმოწამე ერი, ეს იობი ხალხთა შორის, გამოვიდა გამარჯვებული და შეინახა თავისი ენა, ზნე, ჩვეულება და ეროვნული ელფერი.
  ესეც ცოტაა, აი, აუარებელი სიმრავლე მონუმენტალურ ნაშთებისა, რომელთა გარეგნული ხუროთმოძღვრული მოხაზულობა, მეცნიერთა სიტყვით, მისულა უმწვერვალეს განვითარებამდის.
  აი, სიმრავლე ხელთნაწერებისა, გონების ნაწარმოებებისა, რომელთა მეოხებით ჩვენ გვიცნობენ საზღვარგარეთ კულტურულ წინაპართა შვილებად.
  აი, დღეს წმინდა ეკლესია იხსენიებს ექვთიმე ათონელს - მთარგმნელს და მწერალს XI საუკუნისას, რომლის ნაწარმოებთა სიმრავლე განსაცვიფრებელია. ყველა ამას აზის ბეჭედი სარწმუნოებრივ-ეკლესიური.
  ეს ასეც უნდა ყოფილიყო. ჩვენი ქვეყანა ღვთისმშობლის წილხვდომილია და მუდამჟამ იფარავდა მას. მაგრამ თქვენ იტყვით, რისთვის ახლა არ გვეხმარება დედა ღვთისა ძველებურადო? რისთვის მოგვაკლდა მისი მფარველობაო?
  არა, ახლაც არა ვართ მოკლებული ღვთისმშობლის მფარველობას და ღვთის მოწყალებას, მაგრამ ჩვენ ჩვენის მცირე მორწმუნეობისა გამო არ ვხედავთ მას, არ გვინდა დავინახოთ... ვისი ხელი მოქმედებს ამ შემთხვევაში?! ვინ გვიფარავს?!
  თვით სათავეში მყოფნი და პასუხისმგებელნი პოლიტიკაში გვეუბნებიან, - „გარემოება ხელს გვიწყობსო“, მაგრამ რაა ეს გარემოება?! განა ეს ყველა ბრმა შემთხვევაა?! განა მასში არ არის აზრი და წესრიგს არ ექვემდებარება?! ვინ არის ამ მიზანშეწონილობის, კანონიერების მიზეზი?! ვინ აძლევს ამ შემთხვევა-გარემოებებს აზრს, თუ არა ღმერთი?! ამ დასკვნამდე მიდის მორწმუნე ადამიანი და მართალიცაა ის.
  იესო ქრისტეს მოწაფენი ერთხელ გენისარეთის ზღვაზე ნავით მიდიოდნენ; იყო შუა ღამეს გადაცილებული. ამოვარდა ქარი, დაიწყო ღელვა, მათ საშიშროება მოელისთ, შეშინებულნი არიან. ამ დროს ხედავენ ზღვის ზედაპირზე მოდის ქრისტე, მათ მიიღეს მოჩვენებათ და უფრო შეშინდნენ. ქრისტე მაცხოვარმა უთხრა მათ: „ნუ გეშინისთ, მე ვარო“ და დამშვიდდა ბუნება. ახლაც ჩვენთანაა ქრისტე.
  როდესაც პეტრე იხრჩობოდა, ზღვაში მომავალ ქრისტეს შესთხოვა: „უფალო, მიხსენ მეო“; მან გაუწოდა ხელი და უთხრა: „ნუ გეშინის, მე შენთანა ვარო“.
  მაშ, თავისუფალო სამშობლოვ, ნუ შეგეშინდება ცხოვრების ტალღების. ჩვენთან არს ღმერთი და როდესაც პეტრესაებრ შევსთხოვთ მას: „უფალო, გვიხსენ ჩვენო“, ის გვეტყვის: „გამხნევდით, ნუ გეშინისთ, მე თქვენთანა ვარო“. მაშინ ჩვენ მარტონი არ ვიქნებით: ჩვენი შემწე იქნება ღვთისმშობელი და ქრისტე მაცხოვარი.
  მაშ, მოვიკრიბოთ, აღვიჭურნეთ სარწმუნოებით და ღვთისადმი სასოებით და ამას შეუერთოთ თავგანწირული სიყვარული სამშობლოსადმი. მაშინ მტრები სირცხვილეულ იქმნებიან და ჩვენი ერის თავისუფლებაც განმტკიცდება. მაშინ ჩვენი სიხარულიც იქნება სრული და სამარადისო.
  „უკეთუ ღმერთი ჩვენი კერძო არს, ვინა არს ძვირის მყოფელ ჩვენდა?!“ (რომ. 8, 31).
  სიტყვა წარმოთქმულია სოხუმში 1920 წლის 26 მაისს, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტობის დროს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად.
  სიტყვა ქვეყნდება მცირედი შემოკლებით. (წყარო - ნიკორწმინდის ეპარქია ) 

26 მაისი 2022