საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
განახლდა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ ორგანიზებული შეხვედრების ციკლი სასულიერო პირებისა და სამსახურის სხვა წარმომადგენლებისათვის.
შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირები ფსიქოლოგებთან, ფილოსოფოსებთან, ფილოლოგებთან, პედაგოგებთან და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ქრისტიანობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე მსჯელობენ.
ამჯერად მორიგი შეხვედრა დღეს, 2022 წლის 24 მაისს, ტრადიციულად საპატრიარქოში შედგა. სასულიერო პირებმა თეოლოგიის დოქტორს, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგს, ბატონ ირაკლი ორჟონიას უმასპინძლეს.
შეხვედრის ძირითადი თემა იყო სწავლება სულის შესახებ წმინდა წერილისა და ანტიკური ფილოსოფიის მიხედვით.
ღვთისმსახურებმა მოწვეულ სტუმართან ერთად სულის შესახებ არსებულ სწავლებებზე იმსჯელეს. ბატონმა ირაკლი ორჟონიამ საკითხი წმინდა წერილსა და წმინდა მამათა სწავლებებზე დაყრდნობით განიხილა, გააანალიზა მათი მიმართება ანტიკურ ფილოსოფიასთან და სხვადასხვა ეპოქის მოაზროვნეთა შეხედულებებთან.
მსგავსი ღონისძიებები საქართველოს საპატრიარქოში ყოველ სამშაბათს ისევ გაგრძელდება. დღევანდელი შეხვედრის დასასრულს დაიგეგმა კიდევ ერთი ლექცია-დისკუსია ბატონ ირაკლი ორჟონიასთან თემაზე ,,ძველი აღთქმა და წინასწარმეტყველები". (წყარო საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური)
25 მაისი 2022