საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
სერბეთის ეკლესიამ ოფიციალურად აღიარა ჩრდილოეთ მაკედონიის ეკლესიის ავტოკეფალია
2022 წლის 24 მაისს, წმინდათა კირილესა და მეთოდეს ხსენების დღეს, ქ. სკოპიეში, წმინდა კლიმენტი ოხრიდელის სახელობის საკათედრო ტაძარში, საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ სერბეთის ეკლესიის მწყემსმთავარმა, პატრიარქმა პორფირემ სადღესასწაულო სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას.
პატრიარქმა პორფირემ აღნიშნა, რომ სერბეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა ერთხმად დაუჭირა მხარი „ჩრდილოეთ მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის - ოხრიდის სამთავარეპისკოპოსოს“ თხოვნას და სცნო მისი ავტოკეფალია.
„სულ ცოტა ხსნის წინ დავინახე სიხარული და სიყვარული თითოეული თქვენგანის თვალებში! მე ვგრძნობ ვალდებულებასა და მოვალეობას როგორც საკუთარი თავის, ასევე სერბი იერარქების წინაშე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გადავლახეთ საცდური და ვართ ერთიანნი.
ახლა მინდა გაცნობოთ სასიხარულო ინფორმაცია:
სერბეთის ეკლესიის სინოდმა უპასუხა მაკედონიის ეკლესიის თხოვნას და ერთხმად გადაწყვიტა, აღიაროს მისი ავტოკეფალია“, - აღნიშნა პატრიარქმა.
სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი მაკედონიის ეკლესიასთან ერთად იმუშავებს ტექნიკური დეტალების მოგვარებაზე, რის შემდეგაც გამოქვეყნდება გადაწყვეტილება და ავტოკეფალიის აღიარების ტექსტი.
აღნიშნულის შემდეგ კი მოხდება ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ინფორმირება. (წყარო საპატრიარქოს უწყებანი)
25 მაისი 2022