• შემოგვიერთდით
23 მაისს აფხაზეთის დღეს აღინიშნა


  უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წლიდან ეს დღე აფხაზეთის დღედაც დადგინდა.
  ამ დღესთან დაკავშირებით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სავედრებელი პარაკლისი აღავლინა.
  თანამსახურებდნენ გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია), სიონის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოადგილე, სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, ამავე სამსახურის წარმომადგენლები და სხვა სასულიერო პირები.
  ღვთისმსახურებას თავდაცვის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებელი, სტუდენტები და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები ესწრებოდნენ.  (წყარო - საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური)
  მიტროპოლიტმა შიომ პარაკლისის დაწყების წინ შეკრებილი მრევლი დალოცა და ქადაგებით მიმართა.
  მან ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ბრძანა: ,,დღეს ვფიქრობთ აფხაზეთზე, ვფიქრობთ ცხინვალის რეგიონზე, ვფიქრობთ იმ ტრაგედიაზე, იმ საშინელ ომზე, რომელიც ჩვენ გადავიტანეთ... ერთია მხოლოდ გამოსავალი - ეს არის მშვიდობა, ეს არის შერიგება, ეს არის გზა სიყვარულისა და გზა ქრისტესი, რომელიც გვიანდერძა ჩვენ სვიმონ კანანელმა... გადარჩენის გზა მხოლოდ ამაშია, მშვიდობაში, სიყვარულში და იმაში, რომ შევუნდოთ ერთმანეთს, შევთხოვოთ პატიება და შევუნდოთ ერთმანეთს ღვთის წინაშე ჩვენი შეცოდებები. გვაქვს იმედი, რომ ეს ასეც მოხდება, რომ ჩვენ მოვესწრებით გამთლიანებულ საქართველოს... ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის გეზიც სწორედ მშვიდობისკენ არის მიმართული, ეს არის ერთადერთი საწინდარი იმისა, რომ ქართველებიც ბედნიერნი იყვნენ და აფხაზებიც, ასევე ცხინვალის რეგიონში მცხოვრებნი ჩვენი ძმებიც".

24 მაისი 2022