საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
2022 წლის 6 მაისს გიორგობის დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნა ისტორიულ ჰერეთში.
ყოვლადუსამღვდელოესი ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის (კაპანაძე) გარდაცვალების შემდეგ ამ ეპარქიის დროებითმა მმართველმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე), ტაძრის წინამძღვარ, დეკანოზ პეტრე ხუმარაშვილთან ერთად სადღესასწაულო წირვა აღავლინა კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში.
ღვთისმსახურებას ადგილობრივ მრევლთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები - ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს თანამშრომლები, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახეთში, გივი მეტრეველი და რწმუნებულის აპარატის თანამშრომლები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე, კარლო ჯამბურია.
ამავე დღეს მეუფე თეოდორემ დელეგაციის წევრებთან ერთად ისტორიული ჰერეთის გამორჩეული სიწმინდე - ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი მოინახულა და სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა. ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი განსაკუთრებული მნიშვნელობის სალოცავია.
სასწაულმოქმედების გამო წმინდა გიორგის ამ ტაძარში სალოცავად ადიან როგორც ჰერეთში მცხოვრები ქრისტიანები, ისე მუსლიმები.
კახში ყოფნის დროს მიტროპოლიტმა თეოდორემ მოილოცა რწმენისათვის თავდადებული მღვდლის, წმინდა მიქაელ ყულოშვილის განსასვენებელი, შეხვდა ადგილობრივ ქართველებს და დალოცა ისინი, მან ასევე გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ვიზიტის დაგეგმვისა და განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს (თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე), საქართველოს საელჩოს აზერბაიჯანში, აზერბაიჯანის საელჩოს საქართველოში და იმედი გამოთქვა, რომ მომავალშიც მოეწყობა მსგავსი ღონისძიებები
11 მაისი 2022