საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, შეძლებულ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. დაახლოებით 275 წელს. მამა, გერონტიოსი, ღრმად მორწმუნე ქრისტიანი იყო, რომელმაც მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე. ქმრის სიკვდილის შემდეგ გიორგის დედა, პოლიტრონია, პალესტინაში, თავის საგვარეულო მამულში გადასახლდა და ღმრთისმოშიშებითა და სიყვარულით ზრდიდა შვილს. გიორგიმ სრულიად ახალგაზრდამ დაიწყო სამხედრო სამსახური და ბრძოლაში გამორჩეულმა მეომარმა მალე იმპერატორ დიოკლეტიანეს ყურადღებაც მიიპყრო. იმპერატორმა იგი დაიახლოვა და მხედართმთავრის წოდებაც უბოძა.მაგრამ ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იმპერატორს განუდგა.
კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის – ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა.
წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს.
წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა მას 303 წელს თავი მოკვეთეს.იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.
ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ აღნიშნავს: 6 მაისს – წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს.
წმინდა გიორგის სასწაულების რიცხვი უამრავია. მათგან ერთ-ერთი ყველაზე ნიშანდობლივია: ქალაქ ლასიაში მეფობდა ქრისტიანების მიმართ შეუბრალებელი, კერპთმსახური სელინოსი. ქალაქის მახლობლად მდებარე ტბაში გამოჩნდა ბოროტი ვეშაპი, იგი ყოველდღე ამოდიოდა წყლიდან და მუსრს ავლებდა მოსახლეობას. მისი მოკლვლა ვერავინ შეძლო. დამფრთხალმა მეფემ ქალაქის მცხოვრებლებს უბრძანა, თავიანთი შვილები რიგ-რიგობით მიეცათ მხეცისთვის შესაწირად და როდესაც ჯერი მასზე მიდგებოდა, ისიც შესწირავდა თავის ერთადერთ ასულს. ასეც მოხდა: ყველა მოსახლემ გაიმეტა თითო შვილი და მეფის ასულის ჯერიც დადგა. შეწუხებულმა მამამ ხალხს უამრავი სიმდიდრე შესთავაზა ოღონდ კი ინმეს აერიდებინა მისი ქალიშვილისთვის ეს მძიმე ხვედრი, მაგრამ ამაოდ, ხალხი მას არ უთანაგრძნობდა. მაგრამ სწორედ იმ დროს, როდესაც ქალი ტბიდან ვეშაპის გამოსვლას ელოდა, გზად წმინდა გიორგიმ გაიარა, დაინახა თვალცრემლიანი ქალიშვილი და ტირილის მიზეზი ჰკითხა. ქალმა სთხოვა
სწრაფად გასცლოდა ამ საშიშ ადგილს, მაგრამ წმინდა გიორგიმ მტკიცედ განუცხადა, რომ იგი მაინც არ მიატოვებდა, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დაჯდომოდა. მაშინ ქალმა მოუთხრო თავისი გასაჭირის შესახებ. წმინდა გიორგიმ დაამშვია იგი და უთხრა, რომ ჭეშმარიტი ღმერთის სახელით იხსნიდა მას. მან მაცხოვრის მიმართ აღავლინა ლოცვა, რათა მხეცის დამარცხებაში დახმარებოდა. მალე ვეშაპიც გამოჩნდა, წმინდა გიორგიმ გამოსახა მასზე ჯვარი და შეევედრა უფალს: "უფალო ღმერთო, გადააქციე ეს მხეცი ჩემს მორჩილად". სულიწმინდის შეწევნითა და მისი ლოცვით ბოროტი ვეშაპი
წმინდანის ფეხებთან დაეცა. წმინდა გიორგიმ ქალს უბრძანა, შემოეხსნა სარტყელი, ყელზე მოება მხეცისთვის და წაეყვანა ქალაქში. ამ სანახაობით დამფრთხალი მოქალაქენი წმინდანმა დაამშვიდა: "იწამეთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ყოვლად ძლიერი ჭეშმარიტი ღმერთი და მე მოვკლავ ამ ვეშაპს". მეფემ და მისმა ქვეშევრდომებმა შეჰღაღადეს: "გვწამს მამა, ძე და სული წმინდა". წმინდა გიორგიმ იშიშვლა მახვილი, მოკლა გველეშაპი და ქალიშვილი მამას დაუბრუნა. ხალხი დაემხო წმინდანის წინაშე და ჭეშმარიტი ღმერთი განადიდა.
სწორედ ამ სასწაულის აღსანიშნავად გამოსახავენ ხატებზე წმინდა გიორგის ცხენზე მჯდომარეს შუბით ხელში, რომლითაც მხეცს კლავს. მხეცის განმგმირავი წმინდა გიორგის სახე არის ქრისტიანობის ბოროტებასა და ცოდვაზე გამარჯვების სიმბოლო, ხოლო ხატი, რომელზეც იგი დიოკლეტიანეს კლავს, არის სიმბოლო ეკლესიის გამარჯვებისა მის ხილულ მტრებზე, მათზე, ვინც ქრისტიანობას ცეცხლითა და მახვილით ებრძოდა და ცდილობდა ჯალათის ხელით ადამიანთა გულებიდან ამოეგლიჯა ქრისტეს სახელი.
წმინდა გიორგის თაყვანისცემა საქართველოში მე–4 საუკუნის დასაწყისში იწყება. ძველი დროიდანვე საქართველოს, წმინდა გიორგის ქვეყანას, გეორგიას უწოდებენ. წმინდა არსენ იყალთოელის მოწმობით, წმინდა ნინო - საქართველოს განმანათლებელი, დიდმოწამის ბიძაშვილი იყო და ქართველმა ერმა მისგან შეიტყო წმინდა გიორგის მოწამეობის შესახებ. საქართველოში უამრავი ლეგენდა არსებობს იმის შესახებ, როგორ შეეწეოდა ხოლმე წმინდა გიორგი ქართველთა ლაშქარს მრავალრიცხოვან მტერთან ბრძოლაში, მათ შორის დიდგორის ბრძოლაშიც.
06 მაისი 2022