• შემოგვიერთდით
ასპინძობას პატრიარქის ჩოხოსნებმა პატივი მიაგეს ასპინძის ომში დაღუპულ გმირებს

20 აპრილს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება ასპინძას ესტუმრა, რათა ღირსეული პატივი მიეგო ასპინძის ბრძოლაში დაცემული გმირებისთვის, რომელთაც ერეკლე მეფის მეთაურობით, არნახული საბრძოლო სტრატეგია და სიმამაცე აჩვენეს.  ჩოხოსნებმა ყვავილებით შეამკეს ასპინძის ბრძოლის მემორიალი, რომელიც 2017 წელს ასპინძის გამგებლის, ლევან ცაბაძის, ინიციატივით მოქანდაკე დავით ტაბატაძემ შექმნა.
 ჩოხოსნებმა ასევე მოინახულეს ერეკლეს ხიდი, რომელსაც ამ ბრძოლაში ყველაზე სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. შემდეგ კი დიდი ქართველის, იოათამ ზედგინიძის ღირსეული შთამომავალის, დავით ზედგინიძის, წინამძღოლობით სამცხის ყველა ისტორიული ძეგლის მნიშვნელობა მიმოიხილეს. ჩვენი მოგზაურობა სამცხეში, თავკვეთულას კლდეში ნაკვეთი მონასტრის მოლოცვითა და ასპინძელი ჩოხოსნების ჩვენი საზოგადოების რიგებში მიღების ულამაზესი ცერემონიალით დასრულდა.

 

შეგახსენებთ რომ 1770 წლის 20 აპრილს ქართველებმა ოსმალებთან უთანასწორო ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: ასპინძაში გამაგრებულმა ერეკლე მეფემ ოსმალ-ლეკთა რვა ათასიანი კორპუსის დიდ ნაწილს მტკვარზე გადმოსვლის საშუალება მისცა, ღამით კი აღაბაბა ერისთავს, სვიმონ მუხრანბატონსა და ხუდია ბორბაჩალოელს მალულად გადაახერხინა ხიდის თავხეები ("ისრები"), ამით კი მტერს უკანდასახევი გზა მოუჭრა.
20 აპრილს ქართველები მტრის პირისპირ საბრძოლო წყობით განლაგდნენ: მარჯვენა ფლანგს დავით ორბელიანი სარდლობდა, მარცხენას - გიორგი ბატონიშვილი (შემდგომში გიორგი XII), ცენტრს – ერეკლე II, რომელიც საერთო ხელმძღვანელობასაც ახორციელებდა.
ბრძოლა ქართველთა შეტევით დაიწყო. მტერმა ვერ გაუძლო დარტყმას და უწესრიგოდ იწყო უკან დახევა ხიდისაკენ. თავხეებგადახერხილი ხიდი ჩაინგრა და ასობით ოსმალ-ლეკი თან ჩაიტანა ადიდებულ მტკვარში. მტერმა ბრძოლის ველზე 4 ათასი მოკლული დატოვა. დაღუპულთა შორის იყვნენ ოსმალთა კორპუსის მთავარსარდალი, რამდენიმე ცნობილი ფაშა და ბეგი. ერეკლემ ორთაბრძოლაში მოკლა ლეკთა ბელადი მალაჩილა (კოხტა-ბელადი). ქართველებმა ხელთ იგდეს ტყვეები, დროშები, ცხენები და დიდძალი იარაღი.

22 აპრილი 2022