საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
„ვილოცოთ ერთად და შევავედროთ უკრაინა კიევის ქვაბთა შინა დავანებულ წმინდა მამებს, რომ მათი ლოცვით მშვიდობა დამყარდეს და გადარჩეს უკრაინა“
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)
„დღეს, ძვირფასო ძმებო და დებო, არის ხსენება კიევის ქვაბთა შინა დავანებულ წმინდა მამათა.
და, რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს არ შეგვიძლია, რომ არ ვახსენოთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. ეს კიეველი ღირსი მამები არიან მთავარი მფარველები უკრაინისა და როგორც არავინ, მათ იციან უკრაინის წარსულიც, აწმყოც, მომავალიც, რა არის უკეთესი ამ ქვეყნის სულიერი გადარჩენისთვის, მომავლისთვის.
ამასთან დაკავშირებით საოცრად დაემთხვა. თქვენ ალბათ იცით, რომ მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით და დიდი მწუხარებით აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედება კვლავაც გრძელდება. ამ ომს ეწირება ათასობით ადამიანი, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობაც, მათ შორის არიან ქართველებიც.
მისმა უწმინდესობამ ყველას მოგვიწოდა, მოგვცა ლოცვა-კურთხევა, რომ დღეს ჩავატაროთ სამშვიდობო პარაკლისი უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის და ასევე პანაშვიდი იმისთვის, რომ მოვიხსენიოთ უკრაინაში დაღუპული ადამიანები, როგორც სამხედრო თუ სამოქალაქო პირების სულის საოხად.
ასე რომ, ვილოცოთ, ძმებო და დებო, ერთად და შევავედროთ უკრაინა კიევის ქვაბთა შინა დავანებულ წმინდა მამებს, რომ მათი ლოცვით მშვიდობა დამყარდეს და გადარჩეს უკრაინა, და ეს ტრაგიკული მოვლენები ისე დასრულდეს, როგორც აი, ამ დიდ მამებს სურთ და როგორც მათ უწყიან, თუ რა არის სასიკეთო.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ“.
ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი. 20 მარტი, 2022 წელი
20 მარტი 2022