• შემოგვიერთდით
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება დიდი მარხვის პირველ კვირას, მართლმადიდებლობის ზეიმზე

„ღმერთმა ინებოს, გვქონდეს ნათელი რწმენა... ამ რწმენით ვიცხოვროთ, ასე წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება, რომ შევძლოთ, ყველაფერი, რასაც კი ვაკეთებთ, ღვთის სადიდებლად გავაკეთოთ“
  საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება დიდი მარხვის პირველ კვირას, მართლმადიდებლობის ზეიმზე
 „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!
  ჩვენთან არს ღმერთი!
  ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, რომელსაც ეწოდება მართლმადიდებლობის ზეიმი და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას, შეგვეწიოს ჩვენ და მთელ საქართველოს მისი დალოცვა.
  აი, ამ დღით, მართლმადიდებლობის ზეიმით, დასრულდა დიდი ეპოქა მსოფლიო კრებებისა, როდესაც აღდგენილი იყო ხატების თაყვანისცემა. მანამდე ამას წინ უძღოდა ძალიან ბევრი კამათი, ძალიან სასტიკი დევნა ხატების თაყვანისმცემლებისა და ხატებისა. ამაში ჩარეულნი იყვნენ იმპერატორებიც. და აი, საბოლოოდ, მართლმადიდებლობამ გაიმარჯვა და მოხდა აღდგენა ხატების თაყვანისცემისა, ჯერ იყო VII მსოფლიო კრება, შემდეგ, მიუხედავად ამისა, ცოტა ხანს მაინც გაგრძელდა ხატმებრძოლეობა და რამდენიმე ათეულ წელში გაიმართა კიდევ ერთი კრება კონსტანტინოპოლში, სადაც, როგორც გითხარით, აღდგა ხატების თაყვანისცემა და დადგინდა ის, როგორც საყოველთაო, როგორც სწავლება ეკლესიისა, როგორც დოგმატი, როგორც ყველასთვის სავალდებულო.
  იმჟამად ეკლესიის მამების წინაშე იდგა ძალიან რთული საკითხი - როგორ შეიძლება საღებავებით თუ სხვა საშუალებებით უხილავი ღმერთის გამოსახვა, გამოხატვა. ყველამ ვიცით, რომ ღმერთი თავისი არსით არის მიუწვდომელი, უხილავი; რა თქმა უნდა, მისი გამოსახვა შეუძლებელია. ამას ამბობს წმინდა იოანე ღვთისმეტყველიც, რომ ღმერთი არასდროს არავის უხილავს, მაგრამ ძე ღმერთის განკაცების შემდეგ უფალმა გააცხადა კაცობრიობის წინაშე ღმრთეება, ღვთაება, თუ შეიძლება ასე ითქვას, რადგან იგივე იოანე ღვთისმეტყველი იქვე დასძენს, რომ მამის წიაღში მყოფმა მხოლოდშობილმა ძემ - მან გააცხადა. ესე იგი ძე ღმერთის განკაცების შემდეგ და ამის მეშვეობით ჩვენი გრძნობითი აღქმებისთვის უკვე მისაწვდომი გახდა ღმერთის გამოსახვა.
  ღირსი მამა თეოდორე სტუდიელი ამის შესახებ წერს და კითხულობს, რას ნიშნავს, რომ ღმერთი მისაწვდომი გახდა ჩვენთვის? ხატზე როცა გამოისახება უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ჩვენ გამოვსახავთ არა მის ღვთაებრივ ბუნებას, ღმერთის ბუნებას და არც ადამიანის ბუნებას, არამედ გამოვსახავთ მის პიროვნებას, ღმერთკაცობრივ პიროვნებას გამოვსახავთ ადამიანური ბუნებით. ასევე, როცა ჩვენ თაყვანს ვცემთ ხატზე გამოსახულ მაცხოვარს, ჩვენ თაყვანს ვცემთ არა მის ბუნებას, ღმერთის ბუნებას, არა ადამიანის ბუნებას, არამედ ასევე თაყვანს ვცემთ ერთიან პიროვნებას, ჰიპოსტასს ღმერთკაცისა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი; მაგრამ ვინაიდან მის პიროვნებაში შეერთებულია, გაერთიანებულია ორი ბუნება, ხომ გახსოვთ ცნობილი გამოთქმა „შეურევნელად, უცვალებელად და განუყოფელად“ არის შეერთებული. შესაბამისად, როდესაც თაყვანს ვცემთ ხატზე მის პიროვნებას, ჩვენ ასევე თაყვანს ვცემთ მასში ღვთაებრივ ბუნებასაც და ადამიანურ ბუნებასაც მასში. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ ასევე თაყვანს ვცემთ ადამიანში ღმერთის ხატებას. ეს არის ხატება ღვთისა, რომელიც ყოველ ჩვენგანშია ჩადებული შექმნისთანავე, როგორც ჩვენი ბუნების ძირეული ნიშან-თვისება.
  აი, ამიტომ არის, რომ დღეს ჩვენ დიდი მარხვის პირველ კვირას წმინდა ეკლესია მოგვიწოდებს ზეიმისა და სიხარულისკენ, რადგან როდესაც ვინანიებთ, როდესაც ჩვენს თავს ვიკვლევთ და ვხედავთ ამდენ ცოდვას, სასო არ წარვიკვეთოთ და გვახსოვდეს, რა დიდი სიკეთეა მოცემული ჩვენთვის და რა დიდი სიწმინდეა ჩადებული ჩვენში ღვთის ხატების სახით, რომელიც წარუშლელია ჩვენგან. რაც უნდა ცოდვაში იყოს ადამიანი, ეს ხატება ღვთისა მაინც ჩვენთან არის, როგორც ამბობს ღირსი იოანე დამასკელი, რომლის ხსენებაც სწორედ დღეს არის.
  ამრიგად, აი, ამიტომ დაადგინა ეკლესიამ ეს ზეიმი დიდ მარხვაში, რომ გვახსოვდეს, გვწამდეს ეს დიდი სიკეთე, დიდი სიწმინდე, გული არ გავიტეხოთ, სასო არ წარვიკვეთოთ შემხედველი ჩვენი ცოდვებისა. იმიტომ, რომ სინანულის აზრიც სწორედ ესაა - რომ გამოვავლინოთ ეს ხატება ღვთისა, რომელიც დაზიანებულია, შერყვნილია, შესვარულია ცოდვებისაგან, მაგრამ მაინც წარუშლელია. სინანული არის ამის განწმენდა, ამის გამოვლინება. აი, ეს სიხარულია, რომელიც ჩვენ ამ ცოდვების ჭვრეტასთან ერთად გვეძლევა, აი, ამ დიდი ღვთაებრივი სიწმინდის ხილვა საკუთარ თავში. სწორედ სინანულიც იმიტომ არის შესაძლებელი, აი, ამ ცუდის დანახვა, რომ ჩვენ ვხედავთ ჩვენში ამ სიკეთესა და სიკარგეს.
  ღმერთმა ინებოს, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ჩვენ, აი, ამ რწმენით გვქონდეს ასეთი ნათელი რწმენა ღვთისა და ადამიანისა, და ამ რწმენით ვიცხოვროთ, ასე წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება, რომ შევძლოთ, ყველაფერი, რასაც კი ვაკეთებთ, ღვთის სადიდებლად გავაკეთოთ. გაიხარეთ.
  დღეს ჩვენ ასევე აღვნიშნავთ კიდევ ერთ ღირსშესანიშნავ მოვლენას. აი, ამ დღეს, მართლმადიდებლობის ზეიმზე, 1990 წელს კონსტანტინოპოლში მსოფლიო პატრიარქმა, უწმინდესმა დიმიტრიოსმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს და მისი სახით მთელ ჩვენს ეკლესიას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, გადასცა ორი სიგელი, რომლებითაც აღიარებული იყო ჩვენი ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალია და კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული. ეს იყო უდიდესი ისტორიული მოვლენა ჩვენი ერისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის და გილოცავთ ამ მოვლენას.
  ჩვენ დღეს ვიხსენებთ მის უწმინდესობას, მსოფლიო პატრიარქ დიმიტრიოსს დიდი მადლიერებით. არა ერთხელ აღუნიშნავს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მისი დამსახურება, მისი სათნოება, მისი დიდი სულიერება, სიმდაბლე და ქართველებისადმი დიდი სიყვარული.
  რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ვმადლობთ და ქედს ვიხრით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა და მისი ღვაწლის წინაშე, იმიტომ რომ ეს იყო, ღვთის შეწევნით, მისი დიდი დამსახურება, მისი ღვაწლის, მისი შრომის. თქვენ იცით, ამას წინ უძღოდა მრავალწლიანი სამუშაო, დიდი მოლაპარაკებები, დიდი ბრძოლა, შრომა გადაიტანა მისმა უწმინდესობამ და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ იქ ჩაიწერა, რომ უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალიის აღიარება მოხდა, თორემ თქვენ ალბათ იცით, რომ იქ იყო მცდელობა, ჩაწერილიყო, რომ ახლიდან, თავიდან გვეძლეოდა ავტოკეფალია, რაც არ იქნებოდა სწორი, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ V საუკუნიდან გვაქვს დამოუკიდებელი ეკლესია და მისი უწმინდესობის შრომით, დიდი გარჯითა და ღვაწლით მოხდა ეს, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი დიდი ბედნიერება დღეს მოცემული.
  ღმერთმა გაახაროს, გააძლიეროს მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და მისი ლოცვა-კურთხევით, მთელი ჩვენი ერი და ეკლესია, რომელიც ოდითგანვე იყო ერთგული ჭეშმარიტებისა და მართლმადიდებლობისა.
  ღმერთმა ინებოს, რომ ამიერითგანაც ჩვენი ერი ყოფილიყოს ერთგული მართლმადიდებელი ეკლესიისა უფლისა ჩვენის იესო ქრისტესი, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ!
  ჩვენთან არს ღმერთი!“
  ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი
  13 მარტი, 2022 წელი
  ელექტრონული ვერსია მოამზადა თამარ ასათიანმა (წყარო - საპატრიაქოს უწყებანი)

13 მარტი 2022