საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
10 მარტს, დიდი ქართველის - ლევან გოთუას დაბადების დღე გახლდათ. უსაზღვროდ ნატანჯ მწერალს, რომელმაც სიცოცხლის მესამედი საკონცენტრაციო ბანაკებში გაატარა, ერთადერთ დანაშაულად სამშობლოს სიყვარული ჩაუთვალეს. ზნეობის ეტალონი, თავმდაბლობის მაგალითი, საქართველოს მოამაგე და ჭირისუფალი, კაცი, რომელსაც სინდისი ცრემლზე სუფთა ჰქონდა...
უკვე ტრადიციად იქცა ლევან გოთუას „გმირთა ვარამის" მკითხველთა ყოველწლიური კონკურსი, რომლის ავტორია საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების განათლების სამსახურის ხელმძღვანელი ლალი ნაზღაიძე. 2022 წლის ასპარეზობაში მოსწავლეებთან ერთად უფროსი ასაკის ადამიანებმაც მიიღეს მონაწილეობა. გაისად „გმირთა ვარამის" კონკურსი უფრო დიდ მასშტაბებს მიიღებს, რადგან ჩვენი მიზანია, რომ მომავალი თაობა საეჭვო ღირებულებების სასწავლო პროგრამებით კი არ აღიზარდოს, არამედ ჭეშმარიტი შედევრებით, რომლებშიც ხაზგასმულია მამულის, ენისა და სარწმუნოების სიყვარული.
ტრადიციულად, სამთავროს დედათა მონასტერში, გადახდილ იქნა ლევან გოთუას სულის მოსახსენებელი პანაშვიდი. მის საფლავზე კი დავაჯილდოვეთ კონკურსის გამარჯვებულნი და მონაწილეები. აქვე შედგა საპატიო ჩოხოსნებისთვის სიგელების და ჯილდოების გადაცემის პროცესიც. ლაურეატთა შორის გახლდნენ ბატონები: თენგიზ უთმელიძე, თემურ ჩალაბაშვილი, ვანო ჯაფარიძე და როსტომ აბაშიძე. - ზვიად სეხნიაშვილი
11 მარტი 2022