საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
ნათლისღება - 2022
„ნათლისღება არის იმდენად დიდი დღესასწაული, რომ ყოველი ადამიანი უნდა ეზიაროს ამ მადლს“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ქადაგება ნათლისღების დღესასწაულზე
„ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს. ნათლისღება ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია ქრისტიანულ სამყაროში. იკურთხება წყალი, ეს ნაკურთხი წყალი უნდა იყოს შენარჩუნებული მთელი წლის განმავლობაში.
ნათლისღება არის იმდენად დიდი დღესასწაული, რომ ყოველი ადამიანი უნდა ეზიაროს ამ მადლს, ეს მადლი უნდა მიიღოს ყოველმა ადამიანმა.
წმინდა სამების დღესასწაულია. ხმა უფლის მამისა, მადლი უფლისა გარდამოდის ხალხზე და ეს მადლი იცავს ყოველ ადამიანს ხილული და უხილავი მტრებისაგან.
არის მრავალი განსაცდელი ადამიანის წინაშე, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი იცავს ყოველ ადამიანს ამ განსაცდელისგან.
ჩვენ მოხარული ვართ, რომ წირვას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ჩვენ ვთხოვთ პრემიერ-მინისტრს, რომ მიულოცოს მორწმუნე ხალხს ნათლისღების დღესასწაული“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი:
„თქვენო უწმინდესობავ, წმინდა სინოდის წევრებო, ძვირფასო მოსახლეობავ, ყველას გილოცავთ ნათლისღებას.
ჩემთვის დიდი პატივია დღეს ჩვენს მოსახლეობას ვაცნობო ფრიად სასიხარულო ამბავი. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენ ისტორიული მოვლენის მონაწილენი ვართ.
მისი უდიდებულესობის, იორდანიის მეფე აბდულა II-ისა და მისი უმაღლესობის, პრინც ღაზის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ.
პატრიარქის კურთხევით, აქ აშენდება ქართული კულტურის ცენტრი, სამასი წლის შემდეგ საქართველო ბრუნდება წმინდა მიწაზე.
ყველა ქართველისთვის სასიხარულო ეს მოვლენა შესაძლებელი გახდა საერო და სასულიერო ხელისუფალთა ერთიანი ძალისხმევის შედეგად.
ფასდაუდებელი იყო ჩვენი ძვირფასი პატრიარქის, მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჩართულობა, მისი დიდი საერთაშორისო ავტორიტეტი. ერისა და ბერის ასეთი ერთიანობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარების უმთავრესი წინაპირობა.
მე მადლობას ვუხდი მის უდიდებულესობას, მეფე აბდულა II-ს, მის უმაღლესობას, პრინც ღაზის, იერუსალიმის პატრიარქ თეოფილეს, იორდანიის არქიეპისკოპოს ქრისტეფორეს, ჩვენი მთავრობის, საელჩოს თითოეულ თანამშრომელს, ჩვენს ელჩს იორდანიაში, ბატონ ზაზა კანდელაკს, ყველას, ვინც ძალისხმევა არ დაიშურა ჩვენს წინაპართა დიდი ტრადიციის გასაგრძელებლად.
თითოეულ ქართველს ვულოცავ ამ მნიშვნელოვანი სულიერი და კულტურული ცხოვრების კერის დაარსებას წმინდა მიწაზე.
ნათლისღებას გილოცავთ!“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II:
მადლობელი ვართ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა გფარავდეთ თქვენ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თქვენისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!“
ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი
19 იანვარი, 2022 წელი
ელექტრონული ვერსია მოამზადა თამარ ასათიანმა (ინფორმაციას ავრცელებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური)
19 იანვარი 2022