საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა გორის სადროშოს (ხელმძღვანელი იასონ დეკანოსიძე) ინიციატივით, ნორჩი ჩოხოსნები ეწვივნენ ბატონ გიორგი ტატულაშვილის სახელოსნოს.
ბატონი გიორგი გახლავთ საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის წევრი და მოჭიქული კერამიკის ოჯახური ტრადიციების გამგრძელებელი.
ოსტატის სახელოსნოში, როგორც სამუზეუმო ნიმუში, დღესაც დგას ბატონი გიორგის პაპის, ოთარ ტატულაშვილის მიერ მე-19 საუკუნეში აშენებული შეშის ღუმელი - კერამიკისთვის.
პაპის შემდეგ კერამიკოსის ტრადიციები შემდგომში ღირსეულად განაგრძეს შვილმა, შვილიშვილებმა და, დღესდღეობით, 20 წელზე მეტია ბატონი გიორგი წინაპართაგან ნასწავლ ხელობას აგრძელებს.
ნორჩმა ჩოხოსნებმა არა მხოლოდ დაათვალიერეს ტატულაშვილების დიდოსტატური და მრავალფეროვანი ნამუშავრები: დოქები, ფიალები, თეფშები, სამაწვნეები და სხვა, არამედ, ოსტატთან ერთად თვითონაც მიიღეს მონაწილეობა თიხის დამუშავების საინტერისო საქმიანობაში.
რაც ყველაზე გასახარია, ბევრმა ბავშვმა სურვილი გამოთქვა შეგირდად მიებაროს ოსტატს თავადაც ეზიაროს კერამიკოსის ღვთისნიერ ხელოვნებას.
14 იანვარი 2022