საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
საქართველოს პარატაეკვონდოს ნაკრებმა 11 დეკემბერს, სტამბულში მიმდინარე პარატაეკვანდოს მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა. ტურნირის მონაწილე 150 ქვეყანას შორის საქართველოს ნაკრები ექვსი პარასპორტსმენით იყო წარმოდგენილი. გიორგი ხიზანიშვილმა და გოგა ხახალაშვილმა მესამე ადგილი დაიკავეს და ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ. აღსანიშნავია, რომ დედოფლისწყაროელი გიორგი ხიზანიშვილი, რომელიც ამავდროულად პატრიარქის ჩოხოსანიცაა, უკვე მეორე შეჯიბრია სამშობლოში მედლით ბრუნდება. ცოტა ხნის წინ გიორგი ხიზანიშვილი პარატაეკვანდოში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელიც გახდა. გამარჯვების შესახებ გიორგი ხიზანიშვილმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა: „მიუხედავად იმისა, რომ კორონა ვირუსი გადავიტანე და ის ორკვირიანი მომზადება, რაც ჩვენმა გუნდმა გაიარა, მე ვერ შევძელი, მაინც წარმატებით დასრულდა მეცხრე, მსოფლიო პარა-ტაეკვანდოს ჩემპიონატი.“ სპორტსმენმა მადლობა გადაუხადა მწვრთნელს და ექიმს: „მადლობა გუნდის ყველა წევრს! უამრავი რამის თქმა მინდა და გაზიარება თქვენთვის. ბედნიერი ვარ იმით, რომ გუნდის თითოეული წევრი არის ძალიან სწრაფად პროგრესირებადი. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ისეთ შედეგებს დავდებთ და ისეთ წარმატებას მოვუტანთ ქვეყანას, როგორც ჩვენ შეგვშვენის!“ პატრიარქის ჩოხოსნები ვულოცავთ გიორგის ამ გამარჯვებას. ვუსურვებთ, კვლავაც სიამაყით აღემართოს ჩვენი ქვეყნის დროშა მის ფარგლებს გარეთ!
14 დეკემბერი 2021