• შემოგვიერთდით
ვერასოდეს შევეგუებით ჩვენი ძვირფასი პატრიარქის აუგად მოხსენიებას - ეს ახსოვდეს ყველას - ზვიად სეხნიაშვილი

ეს არის ჩოხოსნობა
- - - - - - - - - - - - -
თითქმის ერთი თვე გავიდა ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული მოვლენებიდან...
ბევრი რამ ითქვა, ალბათ იმაზე მეტიც, ვიდრე უნდა თქმულიყო, იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც წარმოდგენა არ აქვს, თუ რა მოხდა სალხინოს თუ წაჩხურუს მონასტრებში და ზოგადად, ეპარქიაში...
1 - ჩვენ ვერ ჩავდგებით თავის მართლების რეჟიმში, მითუმეტეს იმ ხალხის წინაშე, რომლებსაც დედა-ეკლესიის წინააღმდეგ დაუფარავი ბრძოლა დემო(N)კრატია ჰგონიათ და ამ ამაო მიზნისკენ მიმავალ გზაზე ვეღარ მალავენ პოლიტიკურ სიმპატიებს, რითაც მშვენივრად ამტკიცებენ, თუ ვისი მხარდაჭერით მოქმედებენ. ნიღბების ჩამოგლეჯის დროა და ყველა ისე აჩენს ნამდვილ სახეს და ბუნებას, ხელის შეშველებაც აღარ სჭირდებათ...
2 - პატრიარქის ჩოხოსნები ამ გზაზე იმიტომ დავდექით, რომ სხვის ტაშ-ფანდურზე ცეკვას ავერიდეთ. ვერავინ, ვერასდროს ვერ გვაიძულებს, წავიდეთ დედა-ეკლესიისა და სამშობლოს ინტერესების წინააღმდეგ !!!
3 - ვერასოდეს შევეგუებით ჩვენი ძვირფასი პატრიარქის აუგად მოხსენიებას - ეს ახსოვდეს ყველას !!!
4 - ჩვენ მოგვიხსენიებენ კაზაკებად, მარბიელ რაზმებად, საპატრიარქოს ზონდერებად და კიდევ ვინ მოსთვლის, რა შეურაცხმყოფელი ეპითეტებით..განკვეთილი სასულიერო პირების (რომლებიც ამჟამად ერისკაცების დონეზე არიან დაყვანილნი) მიმართ არც ერთ ჩოხოსანს არათუ ფიზიკური ძალა არ უხმარია, არამედ ზედმეტი სიტყვაც არ უკადრებია არავისთვის. ამის გადამოწმება იოლია, რადგან ყველაფერი გადაღებულია ვიდეოკამერებით და ვერც ერთი ადამიანი ვერ ადგება და ვერ გვეტვის, რომ ასე არ იყო. პირიქით - ამ ე.წ. „ბერებისგან" ისეთი ლანძღვა-გინება და სიბინძურეები მოვისმინეთ, ნარკოტიკებით გაბანგული, აზრწართმეული ნაკაცარისგან რომ ძნელად გაიგებ. ამის მიუხედავად, ყველაფერი მოვითმინეთ და ვაჩვენეთ „ტანჯულ ბერებს" ქრისტიანობის მაგალითი...
5 - არც ერთ ჩოხოსანს იმ მონასტრიდან არაფერი არც აუღია და არც სხვისი ნივთისთვის თითი დაუკარებია. ამის მიუხედავად, ძვირფასეულობის და ოქრო-ვერცხლის მოპარვა დაგვაბრალეს განდგომილებმა. ესეც სრული აბსურდია, რაც ვიდეოკადრებით არის განმტკიცებული და ამაშიც თავი შეირცხვინეს. ბერი თუ ხარ, შენი ავლადიდება ბერული შესამოსელია და არანაირი სხვა ძვირფასეულობა. ცამდე მართლებიც რომ იყვნენ, მარტო ეს ცილისწამება, დაუფარავი აგრესია და ჩვენი ოჯახების მიმართ გამოხატული შეურაცხყოფა ეყოფათ იმის დასტურად, რომ ჩაგრული და სათნო მამები კი არ იყვნენ, არამედ „ქვაბ-ავაზაკები", რომლებისთვისაც ეკლესიის უმთავრესი პრინციპი - მორჩილება და სიყვარული არაფერს ნიშნავს...
6 - როცა ბერობა გსურს, ეს შენი არჩევანია. ამის იქით ამა სოფლისთვის მკვდარი ხარ. ბერობის ფონზე პოლიტიკური პარტიების მიტინგებზე სირბილი, მათი „გაპრავების" მცდელობა და ენჯეოები-ს მოხმობა საშველად, რბილად რომ ვთქვათ, არაკაც..., შენდობას ვითხოვთ - არაბერული ქმედებაა. თუ ბერი ხარ, დაეყუდე და ილოცე, თუ პარტიულ მიტინგზე სირბილი გსურს (მით უფრო, ისეთი პარტიების, ჩვენი მომავალი თაობის წამბილწავ გარყვნილების მემორანდუმებს რომ ხელს აწერენ), გაიხადე სამოსი და აფრიალე დროშები. მით უფრო, რა ბერის საკადრისია სეპარატისტული განცხადებების ფრქვევა და წივილ-კივილი, რომ თურმე სამეგრელოს დამრბევი რაზმები შემოესია და ეს კუთხე დასაცავია. შუღლის გაღვივების მცდელობა ქართველებს შორის სულმდაბლობაა, სხვა არაფერი ამას არ ჰქვია...
7 - რა ხანია ვდუმვართ, რაც ისე გაიგეს ჩვენმა მაგინებლებმა, თითქოს სათქმელი არაფერი გვაქვს. გამგებმა გაიგოს: პატრიარქის ჩოხოსნებს არც ამნეზია სჭირთ და არც ვინმეზე ნაკლები ვაჟკაცები არიან. მტრობასაც ღირსება უნდა, მაგრამ ვერაფერს ვერ მოვთხოვთ ღირსებააყრილ ადამიანებს. მათ თავიანთი საქმე აქვთ და ისე აკეთებენ, როგორც შეუძლიათ, ჩვენ კი ბოლო ამოსუნთქვამდე ვიდგებით დედა-ეკლესიის, სამშობლოს და ჩვენი სათნო და ტკბილი პატრიარქის გვერდით, ჩვენი პატიოსანი სასულიერო მოღვაწეების მხარდამხარ - ეს არის ჩვენი სიტყვა და მიკიბულ-მოკიბულს ჩვენ ვერ ვგებულობთ !!!
8 - გაუგებრებისთვის: მიტევების და სულგრძელობის მაგალითი ჩვენი პატრიარქისგან გვაქვს ნასწავლი. სწორედ ამიტომ, გავაგრძელებთ ისე, როგორც აქამდე - იმ ჩვენს მაგინებლებსაც და მტრებსაც მოკრძალებით გეტყვით, რომ ვლოცულობთ თქვენთვის - უფალმა გიშველოთ და დაგიფაროთ, მოგმადლოთ სინანული და სიყვარული, ნათელი გონება და ერთობის განცდა სამშობლოსთვის.
9 - გამგებთათვის: ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელი. ამ საქმეს ბოლო არ უჩანს, მაგრამ მაინც უნდა აკეთო და აკეთო. შემოგევლეთ ყველას, ვისაც კიდევ შემოგრჩათ სამშობლოს ჭირისუფლობისა და თანადგომის მადლი. ეს არის ჩოხოსნობაც - მამულის უანგარო სამსახური...
ქრისტესმიერი სიყვარულით და სინანულით - ზვიად სეხნიაშვილი, პატრიარქის ჩოხოსნების მეთაური...

02 დეკემბერი 2021